ქალი, სახელად კრისტინა შარლოტ ჰირში ცნობილი ფილმის, ბონი და კლაიდის ვარსკვლავ უორენ ბიტის არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში სდებს ბრალს. ქალის თქმით, შემთხვევა 1973 წელს მოხდა, როცა 14-15 წლის იყო.
სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში შევიდა და მასში უორენის სახელი მითითებული არაა. მოსარჩელე არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ბრალს სდებს ადამიანს, რომელმაც ბონი და კლაიდში შესრულებული კლაიდის როლისთვის ოსკარის ნომინაცია მიიღო, ასეთი ადამიანი კი უორენ ბიტია.
სარჩელში წერია, რომ მსახიობმა არასრულწლოვანი კრისტინა სექსზე დაითანხმა — ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, რის შემდეგაც უორენი გოგოს გამუდმებით ურეკავდა, სასტუმროში ეპატიჟებოდა, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა და "ქალიშვილობის დაკარგვაზე" ელაპარაკებოდა. იმ დროს უორენი დაახლოებით 35 წლის უნდა ყოფილიყო.
"მან, როგორც ზრდასრულმა და ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა, თავისი მდგომარეობა და სტატუსი მოსარჩელის სქესობრივ კავშირზე დასათანხმებლად რამდენჯერმე გამოიყენა", — ვკითხულობთ სარჩელში.
მოსარჩელე მსახიობისგან ფსიქოლოგიური, მორალური და ემოციური ტანჯვის მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. უორენ ბიტის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.