ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ძირითადად, გამყარების ტენდენცია აქვს. დღეისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.73-ის ფარგლებშია, ხოლო ევროს მიმართ კიდევ უფრო მყარი. პოზიტიური პროგნოზები კეთდება როგორც ფინანსისტების, ასევე ბაზრის მკვლევარი ორგანიზაციების მხრიდან. ლარის მერყეობა, თუნდაც სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამჟამად უკვე გამორიცხულია.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის ბოლოს დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 2.80-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო ევროსთან მიმართებაში - 2.77-ის ნიშნულზე. თუმცა, დღეს ყველა ხედავს, რომ 2,80-იანი ნიშნული უკვე მოტოვებულია, ამ მაჩვენებლისკენ ლარს, ალბათ, მხოლოდ ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე ჩარევა თუ წაიყვანს, ანუ იმ შემთხვევაში, თუკი დოლარს ამოიღებს ბრუნვიდან.
„გამყარების ზეწოლა საკმაოდ ლოგიკურია. როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა“, - მიიჩნევენ „თიბისი კაპიტალში“.
რა ფაქტორები მოქმედებს ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე და რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება წლის ბოლოსთვის? როგორც „გალტ ენდ თაგგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენცია იგივე ფაქტორებს უკავშირდება, რაც აქამდე იყო: მაღალი სავალუტო შემოდინებები, რაც აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში ფიქსირდება. თავის მხრივ, ეს ეხება ტურიზმს, ექსპორტს და ფულად გზავნილებს.
„ზედიზედ მეხუთე თვეა ვალუტის შემოდინებების და გადინების დინამიკა პროფიციტულია, ანუ პლუსში ვართ. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც ლარის კურსზე დადებითად აისახება. ასევე აქტიურობენ მიგრანტები, რომლები აქ ფულს ხარჯავენ. ვიცით, რომ მიგრანტების მეორე ტალღაც გვქონდა, რომლებიც რუსეთიდან მობილიზაციას გამოექცნენ. ისინი სხვადასხვა შეფასებით არ არიან ისეთი შეძლებულები, როგორებიც იყვნენ პირველი ნაკადის შემთხვევაში (ძირითადად მაღალანზღაურებადი ადამიანები), თუმცა მეორე ნაკადის კატეგორიასაც შემოაქვს გარკვეული ვალუტა; რადგანაც ტურიზმის შემოსავლებში მიგრანტების ხარჯებიც ითვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე ნაკადის შემდეგ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ მაღალ ნიშნულზე იქნება“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ ევა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება ლარის გამყარებას წლის ბოლომდე, ანალიტიკოსის შეფასებით, მიუხედავად ყველაფერისა, ეს მაინც რთული სათქმელია. ეს დამოკიდებული იქნება, გარკვეულწილად, მიგრანტების შემოსვლაზე და ასევე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან ისინი საქართველოში.
„ჩვენი პროგნოზებით და აქამდე ჩატარებული გამოკითხვებით, მინიმუმ ერთი წელი, ისინი აქ აპირებენ დარჩენას. წლის ბოლომდე ზუსტი ნიშნულის თქმა ამხელა გაურკვევლობის პირობებში რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, ლარი დოლართან მიმართებით 3,0-ზე დაბლა დარჩება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
იმედიანად არიან განწყობილნი საბანკო სფეროს სპეციალისტები. ფინანსური ბაზრის მკვლევარი გოჩა თუთბერიძე ბაზარზე სერიოზულ სავალუტო რყევებს აღარ ელოდება. ამასთან, იგი ლარის გამყარების გარემოებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ტენდენცია შენარჩუნდება, რისი მიზეზიც მაღალი ემიგრაცია და ფულად გზავნილების ზრდაა.
„დღევანდელი გადასახედიდან ისე მოსჩანს, რომ სერიოზული რყევა მოსალოდნელი არ არის. ფულადი ტრანსფერები თვიდან თვემდე იზრდება, მილიარდზე მეტი მარტო რუსეთიდან არის შემოსული. ნებისმიერ მოვლენას ეკონომიკაში მეორე მხარეც აქვს. ათეულ ათასობით ადამიანი გადის ყოველწლიურად სამშობლოდან, შესაბამისად, ფულადი გზავნილებიც იზრდება, რაც ასევე ლარის გამყარებას იწვევს, მაგრამ ამავე დროს ეს არის ცუდი ფაქტი, ვინაიდან ისინი ეკონომიკურ პროცესებში, დამატებითი ღირებულების შექმნაში მონაწილეობას ვერ იღებენ. ფულადი ტრანსფერები კი, რომელიც მათ მიერ გადმორიცხული თანხების შედეგად შემოედინება, ლარს ამყარებს“, - განაცხადა.
„გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში საქართველო საერთაშოროსო ტურიზმიდან 3.2 მილიარდზე მეტე შემოსავალს მიიღებს და სავარაუდოდ, ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბებს.