„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ერთი პირობა უნდა ჰქონდეს: დამარცხებული მხარე პარტიიდან გავიდეს და ახალი ძალა არ ჩამოაყალიბოს - 2%-იანი პარტიები დამაზიანებელია პოლიტიკური კლასისთვის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ერთი პირობა უნდა ჰქონდეს: დამარცხებული მხარე პარტიიდან გავიდეს და ახალი ძალა არ ჩამოაყალიბოს - 2%-იანი პარტიები დამაზიანებელია პოლიტიკური კლასისთვის

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა სრულად ბუნებრივი და ლოგიკურია. უფრო მეტიც, მისი თქმით, ეს გააჯანსაღებს თავად პარტიას, მაგრამ ამ არჩევნების ჩატარებას ერთი პირობა უნდა ჰქონდეს - დამარცხებული მხარე პარტიიდან არ უნდა გავიდეს და ახალი პარტია არ უნდა ჩამოაყალიბოს. როგორც ძაბირაძე განმარტავს, „2%-იანი პარტიების ჩამოყალიბება სასარგებლო არ არის პოლიტიკური გარემოსთვის“.

„ზოგადად თუ შევხედავთ, შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნა სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერია. ჩემი აზრით, ეს პარტიის წესდებითაც უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ეს ბუნებრივი და ლოგიკური მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს შიდაპარტიული არჩევნები, მაგრამ საფუძველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება, დაპირისპირება და როგორც ჩანს, უკვე იმ ზომამდე მივიდა ეს დაპირისპირება, რომ ნაწილი ითხოვს შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას. რადგან საქმე აქამდე მივიდა, რომ საჯარო სივრცეში გაჟღერდა ეს ინფორმაცია, როგორც დღევანდელი თავმჯდომარისთვის, ისე ზოგადად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ალბათ, უპრიანი იქნება და უკეთესი იქნება სამომავლოდ, რომ შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდეს და გამოიკვეთოს ხაზები. ვიღაცას შესახედავად მელია არ მოსწონს ან ვიღაცას მოსწონს, ასე ხომ არაა. ეს ნათელს გახდის პარტიაში რა დინებებია. რადგან შიდაპარტიული არჩევნებია, ბუნებრივია, იქნება სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი კანდიდატების დაპირისპირება, კონკურენცია, რაც მხოლოდ გააჯანსაღებს „ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ იმ პირობით, რომ რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზი. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს დღევანდელი თავმჯდომარე და დავუშვათ მან ისევ გაიმარჯვა არჩევნებში, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ვისაც არ მოსწონს, გამოეყოს პარტიას და წავიდეს სხვაგან ან ახალი პარტია ჩამოაყალიბოს, იმიტომ, რომ ეს შეასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ ობიექტური რეალობა ეს იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ შესუსტება ხელს მისცემს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, რა თქმა უნდა. ეს კიდევ ერთი მომენტია და თუ არჩევნებამდე მივდივართ, პოლიტიკური კლასი ამისთვის მაინც უნდა მომწიფდეს, რომ წაგებულმა ახალი პარტიის დაარსება არ დაიწყოს, არ ვარგა. ეს პარტიების ჩამოყალიბებას კი არ უწყობს ხელს, ფრაგმენტაციას უწყობს. საბოლოო ჯამში, ისევ პოლიტიკური სპექტრის თავსატეხია. 2016 წლიდან მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, ჯერ გამოეყო „ევროპული საქართველო“, შემდეგ -„სტრატეგია აღმაშენებელი“, შემდეგ - „გირჩი“, შემდეგ „ევროპულ საქართველოს“ გამოეყო „დროა“ ანუ დღეს, ვინც არის პოლიტიკურ ველზე, უმრავლესობა პარტიებისა, ყოფილი „ნაციონალია“და რა მიიღო პოლიტიკურმა სპექტრმა? მიიღო ის, რომ 2%-იანი პარტიები შეიქმნა, რომელმაც ვერ შეძლო ადგილის დამკვიდრება ამ ველზე. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ზოგადად იქნება ცუდი პოლიტიკური კლასისთვის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.