მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების მდგომარეობაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია განვითარების ისეთი დოქტრინა, რომელიც მორგებულია ქვეყნის ბუნებრივ-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და ორიენტირებულია მოსახლეობის კეთილდღეობის ყოველწლიურად გაუმჯობესებაზე. სამწუხაროდ, საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასულია 30 წელზე მეტი, სრულყოფილი ეროვნული ეკონომიკური დოქტრინა არ მიუღია.
ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის დოქტრინის შემუშავებზე და ეროვნულ-ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტულობაზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე. „აქამდე მივიწყებულ ეკონომიკურ მხარეს ჩვენის ცხოვრებისას, პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენი გაძლიერებისა, ტანში გამართვისა“, - ამბობდა ის.
ილია აღნიშნავდა: „ქვეყანა იმისია, ვისაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში გუთანი. ის აკრიტიკებდა ასევე იმდროინდელ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კერძოდ ბაზარზე გაბატონებულ ჩარჩ-ვაჭრებს, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის გაყიდვის გასაქანს არ აძლევდნენ, აიძულებდნენ საქონელი მათთვის კაპიკებში მიეყიდათ და ამ პროდუქტის რეალიზაციიდან დიდი მოგება შუამავლებს დარჩენოდათ.
ილია ჭავჭავაძე თავის ეკონომიკურ შეხედულებებში თამამად აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის აუცილებელია, პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ჯანსაღი კონკურენციის არსებობა, საბანკო კრედიტის ხელმისაწვდომობა, ანუ ის აღნიშნავდა ყველა იმ მექანიზმის გამოყენებაზე და ცხოვრებაში გატარებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ანუ, თუ განვიხილავთ ილიას იმდროინდელ შეხედულებებს, თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მას აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს და ანალოგიური პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის დღესაც აუცილებლობას წარმოადგენს.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააჩნდა ნიკო ნიკოლაძესაც. ის ქვეყნის მატერიალური დოვლათის შექმნაში განსაკუთრებულ როლს მრეწველობას ანიჭებდა. ის მოითხოვდა საქართველოში არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებას, რაშიც განსაკუთრებულ როლს ცოდნას და განათლებას ანიჭებდა. ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძის მსგავსად აღნიშნავდა, რომ ქვეყანამ უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვაჭრობას, ხელს შეუწყობს მოქალაქეების დასაქმებას, გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მდგომარეობას, შეამცირებს საბანკო კრედიტის განაკვეთს. საბანკო საქმიანობის ანალიზისას ის ძალიან ფრთხილობდა და აღნიშნავდა, რომ ბანკის საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე და არა მის გაკოტრებაზე. ამ აქტივობების ცხოვრებაში გატარების უზრუნველსაყოფად უმთავრეს ფაქტორად ნიკო ნიკოლაძეს ცოდნა და კვალიფიკაციის ამაღლება მიაჩნდა. რომლის გარეშეც მას ქვეყნის განვითარება ვერ წარმოედგინა.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე სერგეი მესხი, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღნიშნავდა: „ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ საზოგადოებამ გამოიჩინოს დაინტერესება ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებისადმი. ის ქვეყნის განვითარების საქმეში ფულს დიდ როლს ანიჭებდა და ამბობდა, რომ ფული წამწყმედელიც არის კაცისთვის და მაცხონებელიც. ვინც ფულის გონივრული მოხმარება იცის, ფული მას აცხონებს, ხოლო, ვინც არა - წაწყმედს“.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ცოდნასა და განათლებას. ის ამბობდა, რომ „აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოს მოსახლეობაში ცოდნა-განათლების დონის ამაღლების უზრუნველსაყოფად. სწორედ განათლებულ ადამიანს შეუძლია სიკეთის მოტანა საკუთარი ქვეყნისათვის“. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევის და საქართველოში ამჟამად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია შემუშავდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარების დოქტრინა. ეროვნული ეკონომიკის დოქტრინის შემუშავებისას საკვანძო საკითხებად უნდა გამოიყოს შემდეგი მიმართულება:
ა) მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა;
ბ) ჩრდილოვანი ეკონომიკის დონის შემცირება;
გ) სამართლიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება საჯარო სექტორში;
დ) ინფლაციის დონის დარეგულირება;
ე) ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება;
ვ) ეფექტური საჯარო მმართველობა;
ზ) მოსახლეობის განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულობა;
თ) ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების პრინციპების დანერგვა;
ი) იმ პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება, სადაც უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება უცხოური ინვესტიციების განთავსება;
კ) ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციების შემოდინებისას, გარკვეული რეგულაციების დაწესება;
ლ) არაეფექტური საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმირება. ადგილობრივ წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის გატარება;
მ) რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა;
ნ) ეროვნული ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული საბანკო სისტემის დანერგვა.
ზოგადად, ცნობილია, რომ ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვან სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით აუცილებელია მოხდეს დღეს არსებული საგადასახადო კოდექსის ძირეული, კარდინალური ცვლილებები. აღნიშნული საგადასახადო კოდექსი თავის დროზე (2010 წელს) საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებულ იქნა ქვეყანაში იმ დროს არსებული იმპორტიორების ლობირებით და მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან აღნიშნულ კანონში მრავალი ცვლილება შევიდა, ის ნაკლებად უწყობს ხელს ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარებას. არსებული კოდექსის პირობებში 2010 წლიდან, ქვეყანაში განვითარდა შემდეგი სახის უარყოფითი პროცესები:
ა ) მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე;
ბ) გაიზარდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი;
გ) გაუარესდა გადასახადების გადამხდელების საგადასახადო კულტურა;
დ) განადგურების პირას მივიდა ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა ტრადიციული დარგები;
ე) გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი;
ვ) გაიზარდა ქვეყნის შიდა და საგარეო ვალის ოდენობა და მან კრიტიკულ დონეს მიაღწია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში;
ზ) კიდევ უფრო გაიზარდა როგორც მდიდრების, ასევე ღარიბების რაოდენობა.
მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში დაბეგვრის სპეციფიკა. კანონმდებლობით უნდა განესაზღვროს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომ გაასაჯაროვონ მონაცემები კომპანიების დამფუძნებლების შესახებ, დღეს ეს პრინციპები დარღვეულია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის არალეგალური ფულის ქვეყნის შიგნით მოძრაობის რისკს და პრობლემებს უქმნის სამთავრობო სტრუქტურებს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული სუბიექტების გადასახადებით დაბეგვრის ადმინისტრირებისას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991 წელი) მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი. იმდროინდელი საქსტატის მონაცემებით საქართველოში წარმოებულ მთლიან შიდა პროდუქტში აღურიცხავი წილი შემდეგი მონაცემებით ხასიათდებოდა: 1996 წელი- მშპ-ის 26.9 %, 1997 წელი- 30.2 %, 1998 წელი- 28.4 %, 1999 წელი- 29.2 %, 2000 წელი-32,9 %, 2001 წელი-32,7 %, 2002 წელი- 34.1 %. ჩრდილოვანი საქმიანობის მაღალი წილი შეინიშნებოდა ეკონომიკის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მრეწველობა (39%), მშენებლობა (54 %), ტრანსპორტი (44 %), ვაჭრობა (67 %), რესტორნები და სასტუმროები (70 %), აქვე საჭიროა აღინიშნოს ის, რომ იმდროინდელი ექსპერტული გათვლებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ის 65 %-ს აღწევდა.
საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 05 ნოემბრის №622 და 2003 წლის 24 ივნისის №282 ბრძანებულებები - „ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სხვადახვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 სექტემბრის №571 ბრძანებულებით გაუქმდა, სანაცვლოდ კი, საკითხის აქტუალობის მიუხედავად სხვა კანონი არ მიღებულა.
საჭიროა აღინიშნოს, რომ ამჟამად რაიმე სახის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, მათ შორის სხვადასხვა სამთავრობო (ცენტრალური, რეგიონული, მუნიციპალური) დონეებზე გასატარებელ ღონისძიებებს, ფაქტიურად არ არსებობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველოს კანონი ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, რომელიც მიღებულია 2009 წლის 11 დეკემბერს, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ აწვდის მთავრობას ობიექტურ ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ, როგორიცაა: ინფლაცია, უმუშევრობა, საარსებო მინიმუმი და სხვა. ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს აღნიშნული მაჩვენებლების გამოაგარიშების სრულყოფილი მეთოდოლოგიები. კიდევ უფრო რთულადაა საქმე მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისას, რადგანც კანონი არ ავალდებულებს არცერთ სახელმწიფო ორგანოს (ცენტრალური, რეგიონული, მუნიციპალური) შეაგროვოს მუნიციპალურ დონეზე ისეთი სახის სტატისტიკური ინფორმაცია, როგორიცაა: უმუშევრობის დონე, ადგილებზე შექმნილი დამატებული ღირებულება, შემოსული და გასული უცხოური ინვესტიციების რაოდენობა და სხვა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი.
ეკონომიკის განვითარების ეროვნული დოქტრინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყნის შიდა რესურსის და მდიდარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ეტაპობრივად უნდა შემცირდეს ქვეყნის გარე საფინანსო ინსტიტუტებზე (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ბანკი, გაეროს განვითარების ფონდი და სხვა) და სარეიტინგო ორგანიზაციებზე დამოკიდებულების ხარისხი. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი, რომელიც 1995-1997 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკური კონსულტანტების საბჭოს თავმჯდომარე , 1997-2000 წლებში მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი და ვიცე პრეზიდენტი, რომელიც კარგად იცნობდა საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების სტრუქტურას და საქმიანობას, თავის წიგნში- „გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება“, აღნიშნავდა, რომ „როდესაც ერი კრიზისშია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მართვის სადავეებს იღებს ხელში და ერს სისხლის უკანასკნელ წვეთსაც გამოწოვს. ცეცხლს იქამდე უკეთებენ, სანამ ქვაბი სიმხურვალისგან არ აფეთქდება. მათ მსოფლიოს ხალხებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ და საერთოდ არ აღელვებთ ადამიანი იცოცხლებთ თუ არა“, ის ასევე აღნიშნავს, რომ „მდიდარი ქვეყნები გლობალიზაციას ღარიბი ქვეყნების ხარჯზე ავითარებენ, რის შედეგაც მდიდარი ქვეყნები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან“, გამომდინარე აქედან, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის გამოვიყენოთ შიდა რესურსები, რადგანაც გარე საფინანსო ინსტიტუტები დიდი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან და მათ ნაკლებად აინტერესებთ პატარა ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა.
საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №930- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული დებულებით დამტკიცდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება. ანტიკორუფციული საბჭოს ამოცანებად განისაზღვრა:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და მონიტორინგი;
გ) საქართველოს ეროვნულ-ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნული საბჭო ანგარიშვალდებული იყო მთავრობის წინაშე. საბჭოს ასევე ყოველწლიურად, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა საქართველოს მთავრობისთვის.
საჭიროა, აღინიშნოს რომ აღნიშნულ დადგენილებაში წარმოდგენილი პრობლემატური საკითხების მოგვარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის დონის შემცირება, გამომდინარე აქედან, მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მეთოდების შერჩევას. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის და კორუფციის დონის ობიექტურად განსაზღვრის მიმართულებით, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხოურ ორგანიზაციებზე და ქვეყნის შიგნით უნდა არსებობდეს, დამოუკიდებელი კვლევითი (მათ შორის სამეცნიერო) ორგანიზაციები, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის მთავრობას, კორუფციის და ჩრდილოვანი ეკონომიკის დონის შესახებ, რის შემდეგაც მთავრობა გადადგამს შესაბამის ადეკვატურ ნაბიჯებს, ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.
განვლილი 30 წლის პერიოდში ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური ტენდენციები, ნათლად გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ვერ შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სტრატეგია, გამომდინარე აქედან ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა 1990 წლისთვის არსებულ მდგომარეობას. ცნობისათვის: 2003 წელს ქვეყნის მშპ-მ შეადგინა 1990 წლის მშპ-ის 47 %; 2012 წელს შეადგინა 1990 წლის მშპს-ის 80 %, ხოლო 2019 წელს კი- -97%. კოვიდპანდემიის შედეგად კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნა 2020 -2021 წლებში.
ვეთანხმები პროფ. ნ.ჭითანავას, რომელიც აღნიშნავს, რომ „ქვეყანას აქვს შანსი, მაქსიმალურად გამოიყენოს ჯერ კიდევ გადარჩენილი მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი. ყველას გასაგონად უნდა ითქვას, რომ შეზღუდული არჩევანი გვაქვს- ეროვნული ფენომენის გათანამედროვეობით დროსთან (სწრაფად ცვალებად გამოწვევებთან) თავსებადობის უნარი შევინარჩუნოთ და ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გავიდეს, ან გლობალური პროცესების მილევად სახელმწიფო წარმონაქმნად ვიქცეთ და დროის მკაცრ (წინასწარ ცნობილი) განაჩენს დაველოდოთ- ბუნებრივია, პირველი არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზანი“.
ჩემი აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს ქვეყანა შედეგს, თუ ობიექტურად შევაფასებთ არსებულ რეალობას და მთავრობის მიერ, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიღებულ იქნება მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული გადაწყვეტილებები. წიგნში- ,,გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში’’, პროფ.ნ.ჭითანავა აღნიშნავს,- „ახლა მთავარია, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკონომიკა, რომელიც ჩვენივე აქტიური თუ პასიური პოზიციით შეიქმნა, ობიექტურად გავაცნობიეროთ. მოვლენებს, პროცესებს, ტენდენციებს, კანონზომიერებებს საკუთარი სახელი ვუწოდოთ და თანამედროვე მეცნიერული ლოგიკით, როგორც დიდი ილია იტყოდა „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ განვსაზღვროთ, ამჯერად მაინც, ქვეყნის განვითარების სწორი სტრატეგია“.
არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და მომავალს ბუნდოვანს ხდის რუსეთ-უკრაინის ომი. ევროპის და აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციები კარდინალურად ცვლის მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს. მაშინ როცა მსოფლიომ ჯერ ვერ დააღწია თავი პანდემიის შედეგად გამოწვეულ რთულ ეკონომიკურ პროცესებს, ომმა კიდევ უფრო გაართულა არსებული მდგომარეობა. ფაქტიურად რთულდება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაბამისი პროგნოზების გაკეთება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებიც თავს არიდებენ შესაბამისი დასკვნების გაკეთებას. რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციები არაპირდაპირი გზით უკვე აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. განსაკუთრებით გაუარესდა ქვეყნის მდგომარეობა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს აგრარულ სფეროში არსებული მდიდარი პოტენციალი და მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს ადგილობრივი პროდუქციით მოსახლეობის მომარაგება. სწრაფად უნდა მოხდეს ქვეყნისთვის საჭირო პროდუქციის მომწოდებელი ბაზრების იდენტიფიცირება და მთლიანობაში საფუძველი უნდა ჩაეყაროს იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკის გატარებას.
დასკვნები და რეკომენდაციები
COVID 19-ის პანდემიის და რუსეთ- უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთდ შეიმუშავოს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის დოქტრინა, წარმოდგენილი ხედვებისა და მიგნებების გათვალისწინებით;
მთავრობის ხელმძღვანელობით და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უშუალო მონაწილეობით, სწრაფად იქნას მიღებული თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაზე დაყრდნობით, ქვეყანაში უმუშევრობის და ინფლაციის გამოანგარიშების მეთოდოლოგიები (არსებული მეთოდოლოგიები კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ გვაძლევს სრულ სურათს უმუშევრობის და ინფლაციის მაჩვენებლების შესახებ). გამომდინარე იქედან, რომ დღეს მოქმედი მეთოდოლოგიები, რომლის საშუალებითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახდენს უმუშევრობის და ინფლაციის დონის გამოანგარიშებას, არ შეესაბამება რეალობას, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ხშირად არ არის არსებული მდგომარეობის ადეკვატური;
მთავრობამ, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავოს ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის დონის გამოთვლის რეალური მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის საფუძველზე მოხდეს შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავება. კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების გეგმაში მკაცრად უნდა იყოს გაწერილი, სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
მთავრობამ, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთდ უნდა შეიმუშავოს, საჯარო სექტორში სამართლიანი და დროის მოთხოვნების შესაბამისი სახელფასო პოლიტიკა. ხელფასის ოდენობა უნდა მიებას, ყველაზე დაუცველი ფენის- პენსიონრების ყოველთვიურ შემოსავალს. უნდა განისაზღვროს დონე იმისა, თუ საწყის ეტაპზე რამდენჯერ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საჯარო (როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური მოხელის) მოხელის ხელფასი პენსიის ოდენობას. საჯარო მოხელის ხელფასი უნდა გაიზარდოს პენსიის ზრდის პროპორციულად, გარკვეული პარამეტრების დაცვით, რათა არ დაირღვეს საჯარო ფინანსების სამართლიანად გადანაწილების პრინციპი;
მთავრობის ხელმძღვანელობითა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უშუალო ჩართულობით სწრაფად უნდა შემუშავდეს და მიღებულ იქნას კანონი - -,,სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“. კანონის მიღება უნდა გახდეს საფუძველი ქვეყანაში, მოსახლეობის ადგილობრივი სურსათით მომარაგების მიმართულებით იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკის გატარებისა;
კრიტიკას ვერ უძლებს დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც თავის დროზე (2010 წელი) პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა იმპორტიორების ლობირებით და კარნახით. საგადასახადო კოდექსი ხელს არ უწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ვერ უზრუნველყოფს საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. კანონი ორიენტირებულია მსხვილი ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადის დღეს მოქმედი ე.წ. ესტონური ვარიანტი“, რომელიც თავის დროზე მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნაჩქარევად. საწარმოთა მოგების ამ პრინციპით დაბეგვრამ შედეგი არ მოიტანა და არსებული მიდგომა ვერ უძლებს დროის მოთხოვნებს. შემოღებულ უნდა იქნას მოგების გადასახადით დაბეგვრის დიფერენცირებული მიდგომა. კიდევ უფრო რთულადაა საქმე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დღეს არსებული განაკვეთების მიმართულებით. დღგ-ის განაკვეთი უნდა იყოს დიფერენცირებული (5, 8, 10, 12 %) დასაბეგრი საქონლის სახეობების მიხედვით. იგივე პრინციპი უნდა იქნას შემოღებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისას. ყველა შემოსავალი (როგორც 100 ლარი, ასევე 20 000 ლარი) არ უნდა იბეგრებოდეს 20 %-იანი განაკვეთით. შემოღებულ უნდა იქნას დაუბეგრავი მინიმუმი და სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი არ უნდა იბეგრებოდეს საშემოსავლო გადასახადით. ამჟამად ეს პრინციპები დარღვეულია;
COVID19-ის პანდემიის შედეგად გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან (გაზრდილი ინფლაცია, გაზრდილი უმუშევრობა, გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, შემცირებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი, გაუარესებული დემოგრაფიული მდგომარეობა) გამომდინარე სწრაფად უნდა მოხდეს არსებული სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების სტრატეგიული გეგმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კორექტირება და თანამედროვე რეალობაზე მორგება;
მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს საფინანსო რესურსების მოძიების მხრივ, გარე ძალებზე დამოკიდებულების ხარისხი. ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მდიდარი შიდა რესურსები და სჯობს გვქონდეს მეტი შიდა ვალი, ვიდრე საგარეო ვალი;
მთავრობამ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად შეიმუშავოს ქვეყნის შესაძლებლობების ადეკვატური საინვესტიციო პოლიტიკა. პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ტრადიციული და ინოვაციური დარგების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა;
ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის დოქტრინის მთავარ მიმართულებად მიჩნეულ უნდა იქნას განათლება და მეცნიერება, ასევე მოსახლეობის დემოგრაფიული და ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება;
რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარო ოპერაციების ფონზე კიდევ უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში ქვეყნის ფულად- საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის ტრანსფორმაციის აუცილებლობის საკითხი;
პანდემიის და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე მდგომარეობა მეტად არაორდინალურია და გასატარებელი ღონისძიებებიც არაორდინალური უნდა იყოს.
ბორის ჭიჭინაძე
ეკონომიკის დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.