კვირის სათამაშო დღის ბოლო მატჩი, სევილიური დერბი „ბეტისსა“ და „სევილიას“ შორის, მართალც საინტერესო საცქერი გამოდგა. მსაჯმა, ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა, სამი ფეხბურთელი გააძევა და 9 გააფრთხილა. თამაში მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ დაძაბულობა აპოთეოზს აღწევდა.
ჯერ სტუმრები დარჩნენ კაცნაკლული, წითელი ბარათი 38-ე წუთზე გონსალო მონტიელმა მიიღო. მერე მასპინძელთა ჯერი დადგა, მინდორი ნაბილ ფეკირმა (45+3) და ბორხა იგლესიამა დატოვეს.
„ბეტისი“ ხესუს ნავასის ავტოგოლით იგებდა, მაგრამ 81-ზე სტუმართა სერბმა, ნემანია გუდელმა, ულამაზესი გოლი გაიტანა დაახლოებით 27 მეტრიდან. გუდელს მალევე თავისიანების დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ - 1:1.
„ატლეტიკომ“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდები სხვადასხვა პოლუსზე დგანან, ძალიან რთულ ბრძოლაში მოახერხა ქულის გადარჩენა. არადა, სტუმრები 28-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, როცა მსაჯმა ხუან პულიდო სანტანამ კატალონიელთა ურუგვაელი მცველი, ლეანდრო კაბრერა გააძევა. მიუხედავად ამისა, „ესპანიოლი“ სერხი დარდერის გოლით იგებდა და ჟოაუ ფელიქსმა 79-ე წუთზე გაათანაბრა.
„ვალენსიამ“ ასევე კაცნაკლულ „სოსიედადს“ ვერ აჯობა (1:1). მართალია „ღამურები“ სტუმრად თამაშობდნენ, მაგრამ მასპინძელი ბასკები მე-17 წუთიდან უმცირესობაში დარჩნენ - არიც ელუსტონდო გააძევეს.
„ვილიარეალი“ – „მალიორკას“ შეხვედრაში (0:2) არავინ გაუძეევბიათ, მაგრამ მსაჯმა, ალეხანდრო მუნის რუსმა, 10 ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჯამში, მე-13 ტურში, რომელიც ორშაბათს „რაიო ვალეკანოსა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩით დასრულდება, მსაჯებმა ფეხბურთელებს 8 წითელი და 47 ყვითელი ბართი უჩვენეს...