„ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წელის მცირე დაზიანება აქვს, რის გამოც „ატალანტასთან“ მატჩში ვერ ითამაშებს და როგორც Sky Sport-ი იტყობინება, მან ეს დაზიანება „ლივერპულთან“ შეხვედრაში მიიღო.
ინგლისურ გუნდთან კვარამ 83 წუთი ითამაშა, შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ გუშინდელი ვარჯიშის ბოლოს მან წელის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო, რის შედეგადაც კლუბში გადაწყვიტეს, რომ არ გაერისკათ, ამიტომაც, "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს.
Area Napoli წერს, რომ სავარაუდოდ კვარამ წელი მაშინ დაიზიანა, როდესაც შეხვედრის დასაწყისში იბრაჰიმა კონატემ ქართველ ფეხბურთელს საჯარიმოში ხელი უბიძგა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შედეგად, გამოცემა წერს, რომ ლუჩანო სპალეტი შეცდა, როდესაც ხვიჩა „ენფილდზე“ 83-ე წუთამდე არ შეცვალა და ქართველს უფრო მეტად დასვენების საშუალება არ მისცა.
აქვე გეტყვით, რომ სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელის ტრავმა საგანგაშო არაა და 8 ნოემბერს, „ემპოლისთან“ შეხვედრაში მან მონაწილეობის მიღება უნდა მოახერხოს.