ვეტერანმა ესპანელმა მეკარე მიგელ ანხელ მოიამ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 38 წლის მოიას აზრით, ქართველი მეკარე ყველაზე მეტად თამაშის მანერით ტიბო კურტუას ჰგავს.
„ის საუკეთესო შენაძენია, რომელიც „ვალენსიამ“ ბოლო პერიოდში გააკეთა. მართალია, თუ ასე გააგრძელებს, კლუბს მისი შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ „ვალენსიამ“ ძალიან კარგად იმოქმედა მის შესანარჩუნებლად და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ვფიქრობ, რომ ახლა ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, უდავოდ.
23-წლამდელებს შორის ის დიოგო კოშტასთან ერთად ყველაზე მეტად მომწონს. მამარდაშვილი ძალიან მაგონებს ტიბო კურტუას: ძალიან მაღალია, მაგრამ მოქნილია, მონდომებულია, რისკავს, დომინირებს და დარტყმების დაბლოკვაც შეუძლია. ფენტეზიში ის ჩემი მეკარეა და მგონია, რომ ამით ყველაფერს ვამბობ“, - აღნიშნა მოიამ.
შეგახსენებთ, მიგელ ანხელ მოია „მალიორკაში“, „ხეტაფეში“, „ატლეტიკოსა“ და „სოსიედადში“ თამაშობდა, „ვალენსიას“ წევრი კი 2009-2011 წლებში იყო.