რიანა ჯონი დეპის Savage X Fenty-ის შოუში მოწვევისთვის გააკრიტიკეს

რიანა ჯონი დეპის Savage X Fenty-ის შოუში მოწვევისთვის გააკრიტიკეს

Savage X Fenty-ის ჩვენება 9 ნოემბერს Amazon Prime-ზეა დაგეგმილი და უკვე დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს. ყველაფერი, რაც რიანას სახელთანაა დაკავშირებული, თავისთავად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და განხილვის საგანია, თუმცა ახალი შოუ ყურადღების ცენტრში იმითაც მოექცა, რომ გაირკვა, მასში ჯონი დეპიც გამოჩნდებოდა.

ჯერ ცნობილი არაა, რა როლს შეასრულებს დეპი ჩვენების განმავლობაში, თუმცა შოუში მისი მონაწილეობა დადასტურებულია.

მართალია, მსახიობმა 5 თვის წინ ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის, წინააღმდეგ დეფამაციის სასამართლო პროცესი მოიგო, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი რიანას ამ გადაწყვეტილებას მაინც კრიტიკულად შეხვდა.

"Savage X Fenty იმედგაცრუებაა, ჯონი დეპის შოუში ჩართვა კი კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას რიანა."

მომღერალმა ჯონი დეპის შოუში ჩართვის გამო ტვიტერის ერთი მომხმარებლისგან "რეალობისგან მოწყვეტილის" მეტსახელი დაიმსახურა. მეორე მომხმარებელმა კი ამ საკითხთან დაკავშირებით დაამატა, რომ ამქვეყნად არც ერთ მილიარდერს არ აქვს სინდისი.

"რიანას მიერ ჯონი დეპის შოუში მოწვევა საშინლად უცნაურია. ამქვეყნად არც ერთ მილიარდერს არ აქვს სინდისი და ამ ტრენდს რიანაც აგრძელებს."

Savage X Fenty ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა საზოგადოებისგან, ვინაიდან სხვა ბრენდებზე ბევრად უფრო ინკლუზიური იყო და განსხვავებული ზომისა და ფორმების ადამიანებს მრავალ არჩევანს სთავაზობდა. ბრენდის ჩვენებებში ყოველთვის სხვადასხვა სქესის, რასისა და სხეულის ტიპის მქონე მოდელები მონაწილეობენ, რითაც სტანდარტული შოუებისგან განსხვავდება და Victoria’s Secret-ის შოუს გაუმჯობესებულ მეტოქედ განიხილება მასშტაბურად.

რიანას ამჟამინდელმა გადაწყვეტილებამ ჯონის ჩართულობასთან დაკავშირებით კი, როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა.

მაშ, დაველოდოთ, რას მოიტანს 9 ნოემბერი.