ჰარი პოტერის ფანებს სთხოვენ, რომ დობის საფლავზე წინდები აღარ დატოვონ

ჰარი პოტერის ფანებს სთხოვენ, რომ დობის საფლავზე წინდები აღარ დატოვონ

უელსის ეროვნული ფონდის განცხადებით, ჰარი პოტერის ფანების მიერ დობის საფლავზე დატოვებული წინდები ველურ ბუნებას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ფონდი ჰარი პოტერის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ წინდები და სხვა ნივთები დობის საფლავზე აღარ დატოვონ.

"დობის მემორიალი ამ ტერიტორიაზე ისევ რჩება. ჩვენი ფონდი მემორიალის დამთვალიერებლებს სთხოვს, რომ მისი მონახულებისას მხოლოდ ფოტოები გადაიღონ, რათა ლანდშაფტის დაცვას ხელი შეუწყონ. ისეთი ნივთები, როგორებიცაა წინდები, სათამაშოები, სამკაულები და საღებავით მოხატული კენჭები, შესაძლოა, ადგილობრივ გარემოსა და წყლის ბინადართა კვებით ჯაჭვში მოხვდეს, რაც ველურ ბუნებას საფრთხეს უქმნის", — განაცხადა უელსის ეროვნულმა ფონდმა.

შექმნილ სიტუაციას უელსის ნაციონალური ფონდის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონათან ჰიუზიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პლაჟის პოპულარობას მიესალმება, თუმცა ბუნებაზე ზემოქმედება თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომელიც დობის მემორიალს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ დობის სიკვდილი ჰარი პოტერის ერთ-ერთი ემოციური სცენა იყო. მას შემდეგ, რაც ფილმის გულშემატკივრებმა დობის მემორიალი აღმართეს, იქ წინდებსა და ელფთან დაკავშირებულ სხვა ნივთებს ხშირად ტოვებენ.