მარიანა ვარელამ და ფაბიოლა ვალენტინმა ერთმანეთი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე, მის გრანდ ინტერნეიშენალზე, გაიცნეს 2020 წელს. ვარელა მის არგენტინას წარმოადგენდა, ვალენტინი კი — მის პუერტო-რიკოს. ორივე მათგანმა კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვედრა შეძლო. თუმცა, ამ პერიოდში ისინი ისე დამეგობრდნენ, რომ ურთიერთობა კონკურენტობის შემდეგაც განაგრძეს.
სულ ცოტა ხნის წინ კი, წყვილმა სოციალურ ქსელში გამომწერებს შეატყობინა, რომ მათ იქორწინეს. ბევრისთვის ეს მოულოდნელიც აღმოჩნდა, რადგან მარიანასა და ფაბიოლას რომანტიკული ურთიერთობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.
წყვილმა 28 ოქტომბერს იქორწინა და ამის აღსანიშნავად ინსტაგრამზე ვიდეოკოლაჟიც გამოაქვეყნა.
"ჩვენი ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვის შემდეგ, ამ განსაკუთრებულ დღეს კარს გიღებთ", — წერს წყვილი სოციალურ ქსელში.
მარიანასა და ფაბიოლას დაქორწინება მის გრანდ ინტერნეიშენალი 2020-ის მონაწილეებმაც მიულოცეს.
"როგორი მშვენიერი კავშირი შექმნა კონკურსმა", — წერს მოდელი აბენა აპია, რომელიც მის გრანდ ინტერნეიშენალი 2020-ის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ პუერტო-რიკოში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება 2015 წლიდანაა ლეგალიზებული, არგენტინაში კი კანონმდებლებმა თანასწორ ქორწინებას ჯერ კიდევ 2010 წელს დაუჭირეს მხარი.