კერძო კოლექციაში დარჩენილი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ორი ცნობილი ორიგინალი ასლიდან ერთ-ერთი, დეკემბერში, აუქციონზე გამოჩნდება. ის $20-დან $30 მილიონამდეა შეფასებული. ცნობისთვის, უიშვიათესი ნიმუშიდან ერთი, გასულ წელს, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ $43.2 მილიონად Citadel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ გრიფინმა შეიძინა.
კონსტიტუციის ეგზემპლარი, რომელიც დეკემბერში გაიყიდება, ბოლოს აუქციონზე 1894 წელს გამოჩნდა. Sotheby’s-ის განცხადებით, ეს არის პირველი ბეჭდური ვერსია, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიკოსებმა და კოლექციონერებმა დოკუმენტის ოფიციალურ პირველ გამოცემად აღიარეს. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ამჟამად, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი ოფიციალური გამოცემის ცამეტი ცნობილი ასლიდან თერთმეტი, ოფიციალურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო კოლექციებში ინახება.