ვეტერანი მსაჯი:

ვეტერანი მსაჯი: "კვარაცხელიაზე აშკარა პენალტი იყო და VAR-ი აუცილებლად უნდა ჩარეულიყო"

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს.

მატჩის დასაწყისში იბრაჰიმა კონატეს მხრიდან საჯარიმოში ხვიჩა კვარაცხელიაზე კონტაქტი იყო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ტობიას შტილერმა წესის დარღვევა ვერ დაინახა და მომენტი არც ვიდეორეფერის განუხილავს.

„ჩემთვის ცხადია, რომ ეს არ იყო მხარზე შეხება, არამედ კონატე კვარაცხელიას ზურგზე შეეხო და ეს აშკარა პენალტია. კვარაცხელია სიჩქარეში იყო და ასეთი კონტაქტი არ შეიძლება. VAR-ი მომენტში აუცილებლად უნდა ჩარეულიყო, ეს იყო ეპიზოდი, რომელიც უდავოდ მეტ ყურადღებას იმსახურებდა“, - თქვა ჩეზარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ A ჯგუფში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და „ლივერპულს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ბერგამოში, „ატალანტასთან“ გამართავს.