ყველამ, ვინც ცნობილი რეპერის, დიზაინერისა და ბიზნესმენის კარიერასა და ცხოვრებას ადევნებს თვალს, კარგად იცის, რომ კანიე ვესტისთვის არაორდინალური ქცევები და საკამათო განცხადებები უცხო არაა. საკუთარი შემოქმედების გარდა, კანიე ინტერნეტსივრცეში სწორედ ამ გზით ახერხებს რელევანტურობის შენარჩუნებას. ამის მიუხედავად, კანიეს შემოთავაზებები და ახალ-ახალი შესაძლებლობები აქამდე არასდროს მოჰკლებია და პირიქით — მისი პოპულარულობა სულ უფრო მეტად იზრდებოდა.
ამჯერად კანიეს იმპერია საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის — ცნობილმა ბრენდებმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, სოციალურმა ქსელებმა ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს და, რეპერის თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა, რის გამოც Forbes-ის მილიარდერების სიაშიც აღარაა.
და მაინც, რა ხდება კანიეს თავს ისეთი, რის გამოც ბევრი თვლის, რომ ეს მისი კარიერის დასასრულია? — ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.
კიმ კარდაშიანთან დაპირისპირება
შესაძლოა, ბევრისთვის ახლა უკვე ყოფილ ცოლთან, კიმ კარდაშიანთან, დაპირისპირებას კანიეს ბიზნესპარტნიორების დაკარგვასთან უშუალო კავშირი არ აქვს, თუმცა რთული არაა იმის შემჩნევა, რომ კანიეს მიმართ მედიის ინტერესი ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ამ ინტერესს ხელს თავად კანიე უწყობდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამუდმებით აქვეყნებდა მასსა და კიმ კარდაშიანს შორის პირად მიმოწერებს, დასცინოდა და ემუქრებოდა კიმის იმდროინდელ შეყვარებულს, პიტ დევიდსონს, კიმს კი გამუდმებით უწუნებდა დედობას და აცხადებდა, რომ შვილების ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამ ყველაფრის გამო კანიე კიმის შევიწროებაში უამრავმა ადამიანმა დაადანაშაულა.
მაისური წარწერით "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"
პარიზის მოდის კვირეულზე კანიეს მაისური ეცვა, წარწერით "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამ ფრაზას თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე იდეოლოგიის ადამიანებს უკავშირებენ, რომლებმაც ფრაზის გამოყენება აშშ-ში მოძრაობა Black Lives Matter-ის (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) საპირისპიროდ დაიწყეს.
მოგვიანებით კანიემ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ მაისურის ჩაცმა სახალისო იყო და აღნიშნული წარწერა იმიტომ გამოიყენა, რომ მისთვის თეთრკანიანთა სიცოცხლე მართლაც მნიშვნელოვანია.
ანტისემიტური განცხადებები
Fox News-ის წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში კანიემ თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რომელიც ებრაელია, ფულის მითვისებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჯარედი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმებებს ფულის მისაღებად იყენებდა. მოგვიანებით განაცხადა, რომ "ისინი" სწორედ ფულისთვის მოქმედებენ. მალე საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ "ისინი" ებრაელებს მიემართებოდა და იმ კონსპირაციულ თეორიას უჭერდა მხარს, თითქოს ებრაელები მსოფლიოს ფინანსურ სისტემას აკონტროლებენ.
კანიე ამით არ დაკმაყოფილდა და ანტისემატური განცხადებები სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ინსტაგრამზე წვდომა შეეზღუდა. ამის შემდეგ კანიე ტვიტერზე ებრაელებს დაემუქრა, თუმცა იქვე დასძინა: "სასაცილო ისაა, რომ სინამდვილეში მე ანტისემიტი ვერ ვიქნები, რადგან შავკანიანი ადამიანებიც სინამდვილეში ებრაელები არიან".
ამერიკის ებრაელთა კომიტეტი (AJC) კანიე ვესტის პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომღერალი ისეთ ანტისემიტურ სტერეოტიპებზე მიუთითებდა, როგორებიცაა კონტროლი და სიხარბე. "კანიე ვესტმა უნდა გაარკვიოს, თუ როგორ გამოთქვას აზრი ანტისემიტიზმის გარეშე, რადგან გასულ კვირას მომღერალმა ებრაელების მიმართ სიძულვილი გააღვივა", — განაცხადა კომიტეტმა.
განცხადება ჯორჯ ფლოიდის შესახებ
16 ოქტომბერს კანიემ პოდკასტ Drink Champs-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდი არა პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებას, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ემსხვერპლა. ახლა კი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი ამერიკელ რეპერ კანიე ვესტს სასამართლოში უჩივის და ცილისწამებისთვის ზარალის $250 მილიონით ანაზღაურებას ითხოვს.
ახალი სოციალური ქსელის შეძენა
ანტისემიტური პოსტების გამო ინსტაგრამსა და ტვიტერზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ კანიემ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Parler-ის ყიდვა უნდოდა. Parler 2018 წელს შეიქმნა და მომხმარებელთა დიდი რაოდენობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიზიდა, რადგან ქსელის მომხმარებლებს კონსერვატიული იდეების გაჟღერება თამამად შეეძლოთ. სოციალური ქსელი კონსპირაციული თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელებითა და ტვიტერზე დაბლოკვის შემდეგ დონალდ ტრამპის მიღებითაა ცნობილი.
კანიე ვესტი, დემნა და ბალენსიაგა
კანიე ვესტს დემნასთან მეგობრობა და დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს. რეპერმა ოქტომბერში ბალენსიაგას ჩვენებაც კი გახსნა. თუმცა, როგორც ჩანს, მიმდინარე აურზაურს ვერც ამ ურთიერთობამ გაუძლო.
ოქტომბრის დასაწყისში კანიე იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბალენსიაგას გუნდის რამდენიმე წევრმა ბრენდ Supreme-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, თრემეინ ემორის პოსტი მოიწონეს, რომელიც ემორისა და კანიეს შორის არსებულს დაძაბულობას ეხებოდა. "შენ მსხვერპლი არ ხარ, შენ კომპლექსებიანი ნარცისი ხარ, რომელსაც მოდის სამყაროსგან ვალიდაცია სჭირდება", — ეწერა პოსტის აღწერაში.
კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.
"ეს ბალენსიაგას გუნდის წევრები არიან, რომლებმაც თრემეინის პოსტი მოიწონეს, რომელშიც ის დამემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბალენსიაგასთვის ამდენი რამ გავაკეთე. მიყვარს, როცა ადამიანები გვიჩვენებენ, სინამდვილეში ვინ არიან და რას გრძნობენ. ახლა აღარაა საჭირო, ერთმანეთის მიმართ ყალბები ვიყოთ. თქვენ ყველას გძულთ ჩემი და დემნას ურთიერთობა. დემნა ახლა ყველაზე რელევანტური დიზაინერია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის იყენებს კიმს — პლანეტაზე ყველაზე რელევანტურ არტისტს", — დაწერა კანიემ.
დაახლოებით 2 კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბალენსიაგამ კანიესთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
კომპანიებთან თანამშრომლობის გაწყვეტა
კანიესთან თანამშრომლობა Adidas-მა და Gap-მაც შეწყვიტეს. კომპანია ადიდასის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანიეს "სიძულვილის ენის შემცველი და სახიფათო" კომენტარები და ქცევები გახდა. აღსანიშნავია, რომ კანიეს არააკრედიტებული სკოლა, Donda Academy, დაიხურა. ცოტა ხნის წინ Skechers-ის განცხადებით, კანიე ვესტი კომპანიის ოფისებიდან "გაუფრთხილებლად და დაუპატიჟებლად" გამოცხადების გამო გააძევეს.
კანიეს თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა
ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობის გაწყვეტას, ბუნებრივია, ფინანსური ზარალიც მოყვა. კანიეს თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა. Forbes-ის განცხადებით, კანიე მილიარდერების სიაში აღარაა.
ცოტა ხნის წინ კანიეს ფანებმა რეპერისთვის ფულის აგროვება პლატფორმა GoFundMe-ზე სცადეს, თუმცა პლატფორმამ ინიციატივა წაშალა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ განცხადებებისა და ქმედებებისა, რომლებითაც კანიემ საზოგადოებას ბოლო პერიოდის განმავლობაში თავი არც ისე სასიამოვნოდ დაამახსოვრა. თუ ზემოთმოყვანილ მაგალითებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რას გვიმზადებს რეპერი მომავალში.
"ასე სანახაობრივად არცერთ ამერიკელ სიმბოლოს არ გაუნადგურებია საკუთარი თავი", — წერს ცნობილი გამოცემა The Guardian კანიეს შესახებ. არის თუ არა ეს კანიეს იმპერიის საბოლოო, შეუქცევადი აღსასრული და შეძლებს თუ არა ის ფეხზე წამოდგომას, ამაზე ზუსტი პასუხი არ ჩანს.