ჰელოუინის დედოფლად წოდებული ჰაიდი კლუმი გიგანტური მატლის კოსტიუმში გამოეწყო

ჰელოუინის დედოფლად წოდებული ჰაიდი კლუმი გიგანტური მატლის კოსტიუმში გამოეწყო

ვინ-ვინ და ჰაიდი კლუმი რომ არ გაგვიცრუებდა ჰელოუინზე მოლოდინს, ეგ კი დანამდვილებით ვიცოდით.

გერმანელ მოდელს თავისი განთქმული საჰელოუინო წვეულება პანდემიის გამო ორი წელია, არ გაუმართავს. თუმცა, ამხელა პაუზის შემდეგ ორიგინალური შოუს მოსაწყობად წელს თავი არ დაუზოგავს.

საკუთარ წვეულებაზე კლუმი, არც მეტი, არც ნაკლები, გიგანტური მატლის კოსტიუმში გამოეწყო. უჩვეულო სამოსი იმდენად რეალისტური იყო, რომ ნამდვილი მატლის ფორმას და შეხედულებას ზედმიწევნით იმეორებდა. ასეთ ფორმაში გამოწყობილ მოდელს კი გვერდს თავისი ქმარი, ტომ კაულიცი უმშვენებდა, რომელიც თავად ჩასისხლიანებულთვალიან მეთევზეს განასახიერებდა.

ჰო, სწორად მიხვდით. მეთევზეს, რომლის ანკესის კავზეც მატლია წამოცმული.

რაც შეეხება კლუმს, მოდელს კოსტიუმი თვალებისა და პირის გარდა მთელ სახეს უფარავდა. მისი თქმით, საღამოს დაგეგმილი ღონისძიებისთვის მზადება დილის 11 საათზე დაიწყო. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ჰაიდი მაინცდამაინც მოხერხებულად ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა, მატლისთვის დამახასიათებელი მოძრაობების გამეორება მაინც მონდომებით სცადა.

საინტერესოა ისიც, რომ კლუმი წლევანდელი საჰელოუინო კოსტიუმის შექმნას მთელი სერიოზულობით მიუდგა და მოლოდინის შესაქმნელად თვეების წინ დაიწყო ფანებისთვის მინიშნებების მიცემა.

გერმანელმა მოდელმა წინათ ისიც გაამხილა, რომ წლევანდელი კოსტიუმის ჩაცმა მისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან სამოსი მძიმე გახლდათ, კლუმს კი მისი ტარება კლაუსტროფობიის შეგრძნებას უჩენდა.

თუმცა, წვეულებამ ჰაიდისთვის მაინც უსიამოვნებების გარეშე ჩაიარა. დღეს კი მისი კოსტიუმი უკვე ინტერნეტმომხმარებლების აქტიური განხილვის თემაა.