"ნაპოლის" ტური სერია A-ში: "მილანი" დამარცხდა და ლიდერს კიდევ უფრო ჩამორჩა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტური ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლისთვის“ ეს ტური ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, რადგან უპირატესობა მასსა და მდევრებს შორის გაიზარდა.

ეს „მილანის“ მარცხით მოხდა. „როსონერი“ „ტორინოს“ ესტუმრა და უქულოდ დარჩა. პირველივე ტაიმში კოფი ჯიჯიმ და ალექსეი მირანჩუკმა ორჯერ გაიტანეს და ტურინელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში „მილანმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ძალიან საეჭვო გოლით, რაზეც ახლა მთელი იტალია ლაპარაკობს და მსაჯს, ისევე, როგორც VAR-ს აშკარა შეცდომაზე მიუთითებენ. ჟუნიორ მესიასი თამაშის წესებს არღვევდა, მაგრამ გოლი ჩაითვალა. ეს 67-ე წუთზე მოხდა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა ვერაფერი შეძლეს და სამართლიანად წააგეს, რადგან „ტორინომ“ მეტოქეს აჯობა.

შედეგად, „მილანი“ „ნაპოლის“ უკვე 6 ქულით ჩამორჩება. სტეფანო პიოლის გუნდმა მეორე ადგილიც დაკარგა, რადგან „ატალანტამ“ ამ ტურში სტუმრად „ემპოლის“ 2:0 მოუგო და ახლა „ნაპოლის“ მდევარი სწორედ ბერგამოული გუნდია, რომელიც ნეაპოლიტანელებს 5 ქულით ჩამორჩება.

მე-12 ტური წარუმატებელი გამოდგა „ლაციოსთვისაც“, რომელიც შინ „სალერნიტანას“ პირველი ტაიმის მერე უგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში 3 უპასუხო გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. სხვათა შორის, ივან პროვედელის 620-წუთიანი მშრალი სერიაც დასრულდა. „ლაციოს“ მეკარეს იტალიის ჩემპიონატში ბოლო გოლი ამ ტურამდე 3 სექტემბერს ჰქონდა გაშვებული - ხვიჩა კვარაცხელიასგან... მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოს“ კარი დალაშქრა, მაურიციო სარის გუნდი 620 წუთის განმავლობაში არ უშვებდა გოლს. ცნობისთვის, სერია A-ს რეკორდი ზედიზედ მშრალი წუთების მხრივ, ჯიჯი ბუფონს ეკუთვნის (974 წუთი).

სერია A-ს ისევ ერთადერთი გუნდი ჰყავს მოუგებლად - ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“. თუმცა, კრემონელებმა ამჯერად შინ „უდინეზესთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს - 0:0. ლუკას ნამდვილად კარგი თამაში ჰქონდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.