კიტეიშვილს თანაგუნდელები აქებენ:

კიტეიშვილს თანაგუნდელები აქებენ: "ის ჩვენი ჯადოქარია და ამას იმსახურებდა"

გრაცის „შტურმის“ ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა როტერდამის „ფეიენოორდთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომპლიმენტები არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ილცერისგან, არამედ თანაგუნდელებისგანაც დაიმსახურა.

გარდა ამისა, ოთარმა გოლის შემდეგ თვითონაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ უკეთესის წარმოდგენაც არ შეეძლო.

„ყველაფერი, რაც გადავიტანე ბოლო თვეებში, ღირდა ამ განცდისთვის. წარმოუდგენელი გრძნობაა და ამაზე უკეთესს ვერ წარმოვიდგენდი. მეორე ტაიმში წარმოუდგენელი გუნდური ძალისხმევით ვითამაშეთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მომდევნო ტურში ყველაფერი გადაწყდება“, - თქვა კიტეიშვილმა.

ქართველი ფეხბურთელი შეაქო მისმა თანაგუნდელმა დავიდ აფენგრუბერმა, რომელმაც „კიტეს“ ჯადოქარი უწოდა:

„ის ჩვენი პატარა ჯადოქარია, ამას ყოველდღე ვეუბნები და დღეს ეს კიდევ ერთხელ ყველას აჩვენა“, - აღნიშნა ავსტრიელმა მცველმა.

ოთარზე ისაუბრა მისმა კიდევ ერთმა თანაგუნდელმა ივან ლიუბიჩმა: „მან მთელი გრაცი გაახარა და ამას ნამდვილად იმსახურებდა. კიდევ ერთხელ ყველას აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა.