უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნაც და ფასიც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ასე ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მიზეზი, რასაკვიველია, ომი და მისგან გამოწვეული მიგრაციაა.
„თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტი საცხოვრებელი ფართი გაიყიდა მაშინ, როდესაც ფასი წლიურად 20%-იან ზრდას აჩვენებს.
პიკურად გაზრდილია უძრავი ქონების ქირის ფასი, რისი მთავარი მიზეზი მიგრანტების დიდი ტალღაა. კერძოდ, სექტემბერში ფასი წლიურად 73.5%-იან ზრდას აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით კი ფასი მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ სექტემბრის ფასები სრულად ვერ ასახავს მიგრანტების შემოსვლის მეორე ტალღის ეფექტს და ოქტომბრის მონაცემებით, ქირის ფასის ზრდა უფრო მასშტაბური იქნება.
ამასთან, მიგრანტების ეფექტი ჯერჯერობით არ ასახულა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე და მოსალოდნელია, რომ ქირის შემდგომ გადაცემის ეფექტი სწორედ ყიდვა-გაყიდვის ნაწილზე იქნება, რაც შესამჩნევი უკვე წლის ბოლოდან გახდება. შედეგად უძრავი ქონების გაძვირებას სამშენებლო მასალების გაძვირებასთან ერთად, ხელს შეუწყობს მაღალი მოთხოვნაც, რომელიც პანდემიის შემდგომ ისედაც მუდმივ ზრდას აჩვენებს.
სანაცვლოდ, თუკი მოთხოვნა იჯარიდან ყიდვაზე გადაინაცვლებს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში ქირის ფასი დასტაბილურდება.
სექტემბერში ქირის ფასი თბილისის ყველა უბანში გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა - 94% დიდ დიღომში დაფიქსირდა. მას მოსდევს ისანი 88%-იანი ზრდით და გლდანი 86%-იანი ზრდით.
პარალელურად, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნამ 21%-ით მოიმატა. RECOV.GE-მ თბილისის და ბათუმის საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქალაქში ყველა სეგმენტის ბინაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
გასული 9 თვის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბაზრის ზომამ კი 1.5 მლრდ დოლარით გადააჭარბა, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, ძველ პროექტებში კი მოთხოვნის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის ბოლო 9 თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5 000 ერთეულს გადააჭარბა.
რასაკვირველია, უძრავ ქონებაზე ასეთი არანორმალური მოთხოვნა რუსეთ-უკრაინის ომთან და მიგრაციულ ნაკადთან პირდაპირ კავშირშია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. რუსი და უკრაინელი მიგრანტები რეგიონის ყველა ქვეყანას მოედვნენ. სადაც კი შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, უძრავ ქონებასაც იქ ყიდულობენ ან მინიმუმ გრძელვადიანად ქირაობენ.
მაგალითად, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, თურქეთში ყოველი მეხუთე ქონება რუსებმა იყიდეს. ინფორაციას ადასტურებს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ხელშეწყობის თურქული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ომერ ფარუკ აქბალი.
„9 თვეში ყოველი მეხუთე სახლი რუსეთის მოქალაქეებზე გავყიდეთ. ჩვენ გადმოვიბარეთ ლიდერობა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, მონტენეგრო და საბერძნეთი. ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც რუსები ყველაზე მეტ ქონებას ყიდულობენ“, - განაცხადა აქბალმა.
„ინჰაუს გლობალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ჰერგუვენმა კი აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ფასების ზრდამ ბაზარზე სტაგნაცია გამოიწვია, მაგრამ რუსეთიდან მოთხოვნა ინდუსტრიისთვის ხელსაყრელია. „მათ შეუძლიათ 400 000 დოლარზე მეტი ღირებულების ქონების ყიდვა“, - დასძინა ერგუვენმა.