„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტში არ იყიდება და მასთან დაკავშირებული ხმები არ აშინებს, რადგან არაფერი ხდება.
„ტოპკლუბები კვარაცხელიას აკვირდებიან? ბიჭი ძალიან კარგად თამაშობს. სატრანსფერო ბაზრისგან ახლა ძალიან შორს ვართ, არაფერი ხდება. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ბევრი ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობს. კვარა არ იყიდება, აბსოლუტურად. აწმყოზე ვართ ორიენტირებული და თითოეულს გვაქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. ფეხბურთი ბალანსისგან შედგება, ამიტომ, მიწაზე ფეხი მყარად უნდა შევინარჩუნოთ და ფრთხილად ვიყოთ, რომ ცაში არ ვიფრინოთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.