დანიური „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯაკობ ნესტრუპმა განაცხადა, რომ დავით ხოჭოლავას წინაშე ქედის მოხრა შეუძლია, რადგან ქართველი ფეხბურთელი დიდი ხანია ტრავმით თამაშობს.
„ხოჭოლავა რამდენიმე თვეა გუნდისთვის თავს წირავს. მას კოჭის პრობლემა აქვს, მაგრამ ყველა თამაშის ჩატარება უწევს. შემიძლია ქედი მივიხარო მის წინაშე, რადგან „მიდტიულანდთანაც“ 90 წუთი ითამაშა. ნემსებით თამაშობს? არც ვიცი, მე მწვრთნელი ვარ და არა ექიმი“, - თქვა ნესტრუპმა.
როგორც დანიური მედია იტყობინება, „მიდტიულანდთან“ შეხვედრაში ტრავმის გამო ხოჭოლავას მოედნის დატოვება ცოტა ხნით მოუწია და იმ წუთებში „კოპენჰაგენის“ დაცვის ხაზი ჩამოიშალა, ხოლო როცა მინდორზე დაბრუნდა, ყველაფერი წესრიგში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, „კოპენჰაგენი“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე „სევილიას“ შეხვდება და ქართველ მცველს თამაში ისევ მოუწევს, რადგან სხვა ცენტრალური მცველები, დენის ვავრო და ნიკოლაი ბოილესენი სათამაშოდ მზად არ არიან.