„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის 2022 წლის ჩემპიონი გახდა. უგო იბარას გუნდმა ბოლო ტურში დრამატულ ბრძოლაში შეძლო გაჩემპიონება.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ბოლო ტურის წინ „ბოკა ხუნიორსს“ 51 ქულა ჰქონდა, მის კონკურენტ და უახლოეს მდევარ „რასინგს“ – 50. „ბოკამ“ საკუთარ მოედანზე „ინდეპენდიენტეს“ უმასპინძლა და ვერ მოიგო - 2:2. მასპინძლები ჯერ აგებდნენ, მერე გილერმო ფერნანდესისა და სებასტიან ვილას გოლებით დაწინაურდა, მაგრამ 81-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს და „ბომბონერა“ დადუმდა.
ახლა ყველაფერი პარალელურ მატჩზე იყო დამოკიდებული, რომელშიც „ბოკას“ კონკურენტი „რასინგი“, „ბოკას“ დაუძინებელ მტერ „რივერ პლეიტს“ მასპინძლობდა, რომელსაც თავის მხრივ, საჩემპიონო ამბიცია არ ჰქონდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის იბრძოდა და მარსელო გალიარდოც ბოლოჯერ ხელმძღვანელობდა. აველანადაში ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ფერნანდო გაგოს გაწვრთნილი „რასინგი“ როხასმა პენალტით დააწინაურა. მასპინძლები მე-80 წუთამდე იგებდნენ, სანამ მიგელ ბორხამ ანგარიში არ გაათანაბრა. თუმცა, მთავარი მოვლენები წინ იყო: 90-ე წუთზე „რასინგს“ წინ გასვლა შეეძლო, როცა პენალტის მეორედ დარტყმის უფლება მოიპოვა. როხასი მოედანზე აღარ იყო, ამიტომაც ბურთთან სებასტიან გალვანი მივიდა, მაგრამ მას ფრანკო არმანიმ აჯობა! ორი წუთის მერე კი ბორხამ კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა და „რივერმა“ 2:1 მოიგო, რითაც „ბოკა“ გააჩემპიონა! არადა, „რივერი“ რომ დამარცხებულიყო, „ბოკა“ კი არა, „რასინგი“ გაჩემპიონდებოდა... საბოლოოდ, "ბოკა ხუნიორსმა" გათამაშება 52, ხოლო "რასინგმა" 50 ქულით დაასრულა.
ამგვარად, არგენტინის ჩემპიონატის 2022 წლის სეზონი ფანტასტიკურად დასრულდა და „ბოკა ხუნიორსი“ გაჩემპიონდა.