House of the Dragon-ის პროდიუსერს ვერ გაუგია, რატომ კარგავენ დეიმონზე ჭკუას

House of the Dragon-ის პროდიუსერს ვერ გაუგია, რატომ კარგავენ დეიმონზე ჭკუას

House of the Dragon-ის ანტიგმირად შერაცხული დეიმონ ტარგარიენი საოცარი ინტერნეტპოპულარობით სარგებლობს, რაც, როგორც აღმოჩნდა, სერიალის პროდიუსერებს უკვირთ.

The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა პროდიუსერმა, სარა ჰესმა, განაცხადა, რომ დეიმონის მიმართ ონლაინ გამოხატული უსაზღვრო სიყვარულის ახსნას ვერ პოულობს.

"მთელ ინტერნეტს უნდა, მისი შეყვარებული იყოს, რაც მაოცებს," — აცხადებს ჰესი. —"რა თქმა უნდა, მეთ სმიტი საოცრად ქარიზმატული და არაჩვეულებრივია, და მართლა დაუჯერებლად ასრულებს როლს, მაგრამ თავად დეიმონი...მე არ მენდომებოდა, ჩემი შეყვარებული ყოფილიყო."

პროდიუსერის გასაკვირად, ინტერნეტი მას ოდნავაც არ ეთანხმება. პირველივე საეთერო გამოჩენიდან სამეფო კარის თამაშების ფანებს დეიმონი ყურებამდე შეუყვარდათ, ეს გრძნობა კი სულ უფრო და უფრო იზრდება, თუნდაც დეიმონის ქმედებები არც თუ ისე მისაღები იყოს მორალურად.

სერიალის მეორე პროდიუსერმა, კლერ კილნერმა კი აღნიშნა, რომ მას ეს აღფრთოვანება გარკვეულწილად ესმის.

"მიყვარს, თუ რამდენად არის ხალხი ამ გმირებით შეპყრობილი, და ვფიქრობ, სწორედ ესაა ამ ყველაფრის ყველაზე სახალისო ნაწილი," — აღნიშნა კილნერმა. —"ერთ წუთს ვიღაც ერთი მოგწონს, მეორე წუთს ვიღაც მეორე. მაგრამ მე არ ვარ გაკვირვებული. მეთი ძალიან რისკიანია თავის შესრულებაში და აქვს ეს პატარა ღიმილი და რა გინდა, რომ ქნა! ქარიზმატულია! ხალხს უყვარს "ცუდი ბიჭები". მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ის მაინცდამაინც კარგი მამაა ან კარგი ძმა."

პროდიუსერის თქმით, ახლა წერენ სერიალის მეორე სეზონის სცენარს და ცდილობენ, გაერკვნენ, თუ რეალურად როგორია დეიმონის ურთიერთობა რეინირასთან.

"ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნში მათი ურთიერთობის ბევრი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაა და ვცდილობთ, ჩამოვყალიბდეთ, როგორი იყო მისი ურთიერთობა რეინირასთან," — ამბობს ჰესი.

პირველი სეზონის ფინალში დეიმონის გმირთან დაკავშირებით კი, აი, რა განაცხადა: "ჩვენ მის განსხვავებულ სახეს ვიხილავთ."