სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება. DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობა პაციენტის დიაგნოზით, ასაკით, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობით და სხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას დააზუსტა, თუ რას გულისხმობს დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება. კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული იქნება ტარიფი და ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.
„დღემდე საყოველთაო დაფინანსებით კონკრეტულ ჩარევასთან დაკავშირებით განსაზღვრული იყო ტარიფი, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა თანხა, თუ რა ჩარევა დასჭირდებოდა. DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი.
პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება, მას შემდეგ, რაც ახალი მოდელი გაეშვება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
კლინიკების წარმომადგენლები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაადეკვატური ტარიფებია. შესაბამისად, ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო კიკნაძეს იმედი აქვს, რომ DRG მეთოდის ამოქმედება კლინიკებს ამოასუნთქებს.
„არასწორია, თითქოს ასოციაციას სურდა, რომ გადადებულიყო მისი ამოქმედება, ასოციაცია პირიქით მიესალმება ამ მოდელზე გადასვლას. ჩვენ გქონდა ტექნიკური ხასიათის შეკითხვები. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაცხადდა, 1-ელი ნოემბრიდან გაეშვება DRG-სისტემა, ორი თვით იქნება სატესტო რეჟიმში, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ პერიოდში გამოჩნდება რა არის გამოსასწორებელი, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ და როგორ მუშაობს ის სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
დღევანდელი არაადეკვატური დაფინანსების პირობებში, რომელზეც ხშირად აპელირებენ სამედიცინო დაწესებულებები, იმედი გვაქვს, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DRG, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ხდება, რას ენიჭება ქართული წონა და როგორი ეფექტის მომცემია ეს.
„სამართლიანი დაფინანსების მოდელია და იმედი გვაქვს, რომ კლინიკებს ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ და შესაბამისად, გაუმჯობესდება პაციენტის მომსახურების ხარისხი. თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, თუმცა ჩვენ დაწერილი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი არ გვაქვს ნანახი და ამას ამ ორი თვის მანძილზე ვნახავთ, პაციენტებს თანაგადახდა არ მოუწევთ“, - განუცხადა „ბიემს“ კიკნაძემ.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სიახლეს შეუძლია რადიკალური ცვლილების შეტანა სატარიფო პოლიტიკაში, რაც პაციენტების ხარჯს შეამსუბუქებს. ორგანიზაცია „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებლის, მარინა ბერაძის აზრით, დაფინასნების მანამდე არსებული მანკიერი სისტემა ძირფესვიანად შეიცვლება.
„დაფინანსების აქამდე არსებული მეთოდიკა იყო მანკიერი, ბევრი ხარვეზი ჰქონდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ის არასწორია. ეს განაპირობებდა თვითნებურ ქმედებას კლინიკების მხრიდან, რაც პაციენტებისგან მეტი თანხის გადახდაში გამოიხატებოდა და საბოლოოდ ყველა უკმაყოფილო იყო. სახელმწიფოც წამგებიან პოზიციაშია, ორმაგ და სამმაგ ფასს იხდის. ასე აღარ მოხდება. მთლიანობაში კარგი სიახლეა, მაგრამ ადვილად დასანერგი მეთოდი არ არის“, - განაცხადა ბერაძემ.