ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას იტალიის სერია A-ში ბადალი არ მოეძებნება.
„კვარა უნიკალური მოთამაშეა, იტალიაში ბადალი არ ჰყავს. ვულოცავ ჯუნტოლის და მათ, ვისაც ამ ფეხბურთელის დამატება სურდა, რადგან ის ძალიან ძლიერია. ჩემთან და ბესტთან შედარება? სხვადასხვა პერიოდია, შეუძლებელია შედარება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეიცვალა ფეხბურთი. ვიმეორებ, ის უნიკალური ფეხბურთელია. თუმცა თუ ვისაუბრებთ მეტოქის მოტყუების უნარზე, ბოლო წლებში ამ ტიპის თამაშით კუადრადო იყო გამორჩეული“, - თქვა კაუზიომ.
შეგახსენებთ, ფრანკო კაუზიო იტალიის ნაკრებში 1972-1983 წლებში თამაშობდა (63 მატჩი, 6 გოლი) და 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, ყველაზე დიდი პერიოდი კი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 1966-1968 და 1970-1981 წლებში ირჯებოდა და „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლეგენდაა.