ცოლ-ქმარმა, რომელიც Pfizer-ისა და BioNTech's-ის ვაქცინების შექმნაში იღებდა მონაწილეობას, თქვა, რომ ათწლეულის ბოლოსთვის სიმსივნის ვაქცინა მზად იქნება.
პროფესორებმა ოზლემ ტურეჩიმ და უგურ საჰინმა BBC-ს განუცხადეს, რომ მათი კომპანია ამჟამად ავითარებს კიბოს ვაქცინას, რომელიც, ამ სასიკვდილო დაავადების მკურნალობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება.
"დიახ, ვგრძნობთ, რომ კიბოს განკურნება ან კიბოს მქონე პაციენტების ცხოვრების შეცვლა ჩვენს ხელშია", — თქვა ტურეჩიმ.
წყვილი წარმოუდგენლად დარწმუნებულია თავის მიდგომაში და მიიჩნევს, რომ სიმსივნის წარმატებული ვაქცინები "რა თქმა უნდა, 2030 წლამდე შეიქმნება".
ტურეჩის თქმით, სწორედ mRNA-სა და პაციენტზე დაფუძნებული სიმსივნის ვაქცინების კვლევამ მიიყვანა ისინი ცილის აღმოჩენებამდე, რომლებიც მოქმედებდა როგორც "ზურგის ქარი" COVID ვაქცინებისთვის. კორონავირუსის ვაქცინების კვლევამ ხელი შეუწყო კიბოს მკურნალობის კვლევას, რომელიც ორიენტირებულია ავთვისებიან სიმსივნეებზე, როგორებიცაა: მელანომა და ნაწლავის კიბო.
BioNTech-ის განვითარებად ვაქცინებში mRNA ან მესენჯერი რნმ შეძლებს, განასხვავოს კიბოს უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან და შემდეგ მოკლას ისინი.
ტურეჩის აზრით, შეუძლებელია, კიბოს ვაქცინამ არ იმუშაოს, რადგან ყველაფერი, რაც იმუნური სისტემის შესახებ ვიცით და კიბოს ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მიღწევები აჩვენებს, რომ შეგვიძლია მკვლელი T-უჯრედების სტიმულირება და მართვა.
"როგორც მეცნიერები, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ იმის თქმისგან, რომ კიბოს განვკურნავთ", — აღნიშნა მან, თუმცა ასევე დასძინა, რომ არ შეიძლება იმ შედეგების უგულებელყოფა, რომლებსაც სიმსივნის განკურნების სამუშაოებში მიაღწიეს.
ეს სიახლე საკმაოდ ამაღელვებელი და ამბიციურია, მაგრამ წყვილის წარმოუდგენლად წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ოპტიმისტური მოლოდინების უამრავი მიზეზი არსებობს.