ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული თანამედროვე ბოიბენდის, BTS-ის, წევრებს რამდენიმე წლით პაუზის აღება მოუწევთ. სამხრეთკორეული მუსიკალური ჯგუფის წევრებს მალე სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად გაიწვევენ. ინფორმაციას BTS-ის წარმომადგენელი ადასტურებს.
წლების განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა, გაიწვევდნენ თუ არა K-pop-ის წევრებს ჯარში. სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა შრომისუნარიანი კაცი 18 წლიდან 28 წლამდე, ვალდებულია, ორ წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს. აღნიშნული წესის მკაცრად აღსრულებას დიდწილად სამხრეთ კორეის მდგომარეობა განაპირობებს — დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ბირთვულ იარაღსაც ფლობს.
BTS-ის ყველაზე უფროსი წევრი, რომელიც 29 წლისაა, მომდევნო თვეში უკვე მზადებას დაიწყებს ჯარში წასასვლელად. მალევე მის გზას დაადგება ჯგუფის დანარჩენი ექვსი წევრიც.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კორეული ბოიბენდის წევრებს საშუალება მიეცათ, ჯარში წასვლა გადაევადებინათ 30 წლამდე. თუმცა, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ისედაც აპირებდა პაუზის აღებას, მისი წევრები კი — ინდივიდუალურ პროექტებზე კონცენტრირებას.
BTS ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული მუსიკალური ჯგუფია მსოფლიოში. ბენდი, რომელმაც ათობით მილიონი ალბომი გაყიდა, ჟურნალმა Time-მა 2019 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა. K-pop ჯგუფს სამშობლოში ბევრი ეროვნულ საგანძურად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ მოითხოვდა ზოგიერთი კანონმდებელი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესში მათთვის გამონაკლისი დაშვებულიყო, რათა ბენდს კარიერა განეგრძო. ქვეყანაში ამგვარი გამონაკლისების დაშვება შესაძლებელია გამორჩეული ხელოვანებისათვის, სპორტსმენებისა და მუსიკოსებისთვის.
თუმცა, საბოლოოდ, ჯგუფის წევრები გაწვევას დათანხმდნენ. ამდენად, BTS გაერთიანებას რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯგუფს კარიერის გაგრძელება არმიაში ყოფნის პერიოდშიც შეეძლება; თუმცა, ბენდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, 2025 წლამდე ვერ მოხერხდება.