ჰარი პოტერის ფრენჩაიზის ფანებისთვის კარგად ცნობილია, რომ სლიზერინელი "წმინდასისხლიანი" დრაკო მალფოი და წარმოშობით მაგლი, გრიფინდორელი ჰერმიონ გრეინჯერი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ ჰოგვორტსში სწავლის პერიოდში. მათი როლის შემსრულებელ მსახიობებს, ტომ ფელტონსა და ემა უოტსონს კი, რეალურ ცხოვრებაში სრულიად საპირისპირო ურთიერთობა ჰქონიათ.
"მახსოვს, ხშირად ვამბობდი ნაცნობ ფრაზას — 'დასავით მიყვარს', მაგრამ დამატებით სხვა რამესაც ვგრძნობდი," — განაცხადა ტომ ფელტონმა, რომელმაც ახლახან გამოსცა მემუარი, სახელად Beyond the Wand.
მსახიობის თქმით, მათ შორის ყოველთვის არსებობდა ნაპერწკალი, ოღონდ სხვადასხვა დროს. ტომ ფელტონი 15 წლის იყო, როცა პირველად გაიგო, რომ 12 წლის ემა უოტსონს მოსწონდა, თუმცა იმ დროს მას შეყვარებული ჰყავდა.
"მე უარვყოფდი, რომ ემას მიმართ რომანტიკული გრძნობები მქონდა, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. ჩემი შეყვარებულიც კი ხვდებოდა, რომ ჩვენ შორის რაღაც უთქმელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, მხოლოდ დასავით მიყვარს-მეთქი."
ტომ ფელტონის თქმით, ახლა რომ უფიქრდება, ემაზე შეყვარებული არასდროს ყოფილა, თუმცა ყოველთვის უყვარდა და აღმერთებდა მას, როგორც ადამიანს, და ეს გრძნობა ისეთი იყო, რომ სხვას ვერასოდეს აუხსნიდა.
"ჩვენ მონათესავე სულები ვიყავით", — ამბობს ის.
ემას თქმით კი, ტომის სიტყვები, რომ მისთვის პატარა დასავით იყო ყოველთვის გულს სტკენდა, თუმცა მსახიობები დღემდე ახლო მეგობრებად რჩებიან და ხმამაღლა აცხადებენ, რომ ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას და სიყვარულს გრძნობენ.