ირანში, პოლიტპატიმრების ციხეში ხანძარი გაჩნდა

ირანში, პოლიტპატიმრების ციხეში ხანძარი გაჩნდა

შაბათს, 15 ოქტომბერს, საღამოს თეირანში, ევინის ციხეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, სადაც პოლიტპატიმრები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ცხოვრობენ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ციხიდან ამომავალი კვამლი, სროლა და განგაშის ხმა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ხანძარი პატიმრების ბუნტის შედეგი იყო, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს ციხეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ მეამბოხეები არა პოლიტპატიმრები, არამედ წვრილმანი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები იყვნენ. კიდევ ერთი სახელმწიფო სააგენტო Tasnim, ირანელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტპატიმრები არ მონაწილეობდნენ არეულობებში.

IRNA-ს ცნობით, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, თუმცა დაღუპულები არ არიან. ხანძარი ლოკალიზებულია, სამსახურები მუშაობენ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ციტირებს სააგენტო სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.

თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters განუცხადეს, რომ ციხისკენ მიმავალი გზები დაკეტილია და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდა. ციხის შესასვლელთან, მათივე თქმით, პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ.

ირანში, 22 წლის გოგონას, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს. 13 ოქტომბერს თეირანში “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავებისას ცემა გახდა. მაჰსა ამინის დაღუპვა გახდა მიზეზი ირანში მასობრივი აქციების დაწყებისა, რამაც ასიათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში.