მაიკლ კარპენტერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობებია, რაც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

მაიკლ კარპენტერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობებია, რაც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შემუშავებაში მონაწილეობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაწილია. მოგეხსენებათ, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო შეერთებული შტატების შესანიშნავი პარტნიორი იყო ავღანეთში. ასევე, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო მისიაში - 34 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ჩვენს დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დავინახეთ და დავაფასეთ, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ჯარებს დავხმარებოდით, რასაც წლებია ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვითი რეფორმების გასატარებლად და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

„წინ არის გზა, რომელიც ერთად მუშაობით შეგვიძლია გავიაროთ. აშშ-სა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობებია, რაც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. აშშ თქვენს სტრატეგიულ მიზნებს - ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ ვუჭერთ. გვაქვს ორმხრივი ძლიერი კომუნიკაცია. არ დავმალავ, რომ საქართველოს შიგნით, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ აშშ-ს და ყალბ თავდასხმებს ახორციელებენ ელჩზე, ვრცელდება ცრუ ვარაუდები, რომ თითქოს ჩვენ გვსურს საქართველო ომში ჩაერთოს, რაც სისულელეა, მაგრამ ნებისმიერ საზოგადოებაშია პოლიტიკური ძალა თუ უკიდურესობა. ჩვენ ამ საკითხებს გადავლახავთ, რადგან ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას მთავრობასთან, ისევე როგორც ვაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს წინა ხელისუფლებებთან. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ მუშაობა საქართველოსთან, რადგან საბოლოოდ, ეს ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას.
რაც შეეხება განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე, არ ვაპირებ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩართვას. ყველა მხარე აკრიტიკებს ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე. ვიტყოდი, რომ ჩემი ქართველი კოლეგა მტკიცეა საკუთარ განცხადებებში, გმობს რუსეთის ქმედებებს და მე ამას ნამდვილად ვაფასებ. საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებული განცხადებები უდავოდ მოწმობს იმას, რაზეც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდა“, - განაცხადა კარპენტერმა.