შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ევროსაბჭოს ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მასში მოხვედრილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600 კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწრო პოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო. ამ შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მოხვედრილი რეზოლუციაში. თავად რეზოლუციას არათუ ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, არამედ თანაავტორები ვიყავით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.