ძალიან მალე კვერცხიც გაძვირდება და ქათამიც

ძალიან მალე კვერცხიც გაძვირდება და ქათამიც

ნოემბრის ბოლოდან შესაძლოა, ქათმის ხორცის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს, კვერცხის ფასი კი შეიძლება სულაც 20%-ით გაიზარდოს. მიზეზი გაძვირებული საკვები, საწვავი, დენი და გაზია.

„ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე გაზრდილი ტარიფი, გაძვირებული საწვავი და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ხარჯია.

„გაზი და დენის ტარიფი არარეალურ ნიშნულამდეა გაზრდილი, შესაბამისად, რაც უფრო აცივდება მით მეტი ხარჯი გვექნება, ამიტომ, გაძვირება გარდაუვალია“, - განაცხადა ნოზაძემ.

პარალელურად მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ქათმის იმპორტირებული საკვების გაძვირებაზე საუბრობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასმა 15-20%-ით მოიმატა. ეს კი როგორც ქათმის ხორცის, ასევე კვერცხის გაძვირებას გამოიწვევს.

მეფრინველეობის დარგი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან წარმოებისთვის საჭირო საკვები, ხორბალი იქნება ეს თუ სიმინდი, სწორედ იქიდან შემოდის. რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო კი, ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებლის პროგნოზით, ფასების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი და ბაზარი „უნდა დაემშვიდობოს იაფ ქათმის ხორცს და კვერცხს“.

„დღეს საქართველოს ბაზარზე სიმინდის და ხორბლის დიდი რაოდენობით მიწოდება ხდება. მსოფლიო ტენდენციას თუ გადავხედავთ, ბოლო პერიოდში, სიმინდზე ფასი განსაკუთრებით იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მიზეზიც აქვს. პირველ რიგში ის, რომ მკვეთრად მომატებულია სასუქების ღირებულება და მათი მიწოდება შეფერხებულია.

ასე რომ, ბაზარზე ფასების კუთხით 15%-20%-იანი კი არა, მეტად ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ იაფ ქათამს და კვერცხს. ყველა ინგრედიენტის ფასი, რაც წარმოებას სჭირდება, იმპორტირებულია ის თუ ადგილობრივი, ზევით იწევს, ამიტომ ფასნამატი გარდაუვალია და იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე ახლაა - 20%.

მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სასუქების ღირებულება თითქმის 100%-ით გაგვიძვირდა, ამას თუ ჩვენ ლოგისტიკურ ხარჯებს დავამატებთ, ეს ფასში კიდევ აისახება. ჩვენი პროგნოზია, რომ უმნიშვნელო კი არა, საკმაოდ მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან დედაქალაქსა და რეგიონებში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაიზარდა. დედაქალაქში, ტარიფი ერთ კუბურ მეტრ გაზზე 1.10 ლარს შეადგენდა, რაც 1.35 ლარამდე იზრდება. ცვლილება 20 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს შეეხო. ამჟამად, 1 კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი საშუალოდ 10 ლარია.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.334 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 ათას დოლარს ოდნავ აჭარბებდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.1 მლნ დოლარის კვერცხი შემოვიდა, ხოლო შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.

ზურაბი კვერცხის ბიზნესი თუ ისევ ექსპერტად წოდებულ ბატონ გია ხუხაშვილის ხელშია,აშენდება კაცი.
2 წლის უკან