არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მათთვის საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ ამაში ჩადებული იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება.
„სამწუხაროა, ისეთი საკითხების გამოყენება, როგორიც არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმისთვის, რომ ამაში ჩადებული იყოს ვიწრო პარტიული ინტერესები, ეს ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება. ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მოკავშირე პარტიები და წარმომადგენლები იყვნენ ამაში ჩართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ რეზოლუციას გარკვეულწილად ჩრდილიც მიაყენეს, როდესაც მასში სააკაშვილის სახელი ჩაწერეს.
„ადამიანის, რომლის ბრალეულობაც დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ შეფარდებოდა დამნაშავე პირებს, სამართალი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ.
არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მათთვის საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, ეს გასაგებია და სამწუხაროდ, EPP-ს პარტიების გაერთიანების ამ ინსტრუმენტს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ ასეთი ფრჩხილებში ჩაწერილი წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა. რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.