ნიკოლოზ სამხარაძე: პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ევროპის სახალხო პარტიის

ნიკოლოზ სამხარაძე: პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან ხდება ბოლო მომენტში ცვლილებები რეზოლუციასთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილებები საერთოდ აცდენილია ფაქტებს

პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან ხდება ბოლო მომენტში ცვლილებები რეზოლუციასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილებები საერთოდ აცდენილია ფაქტებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გაგრძელებაა ევროპარლამენტის ძველი რეზოლუციის, სადაც ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული.

„ადამიანი, რომლის სასამართლო პროცესიც ახლა მიმდინარეობს საზღვრის უკანონო კვეთაზე და მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ ამ ადამიანმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამ ფაქტის გამო ვერ შერაცხავ ამ ადამიანს პოლიტიკურ პატიმრად. შესაბამისად, ეს არის სრული დამახინჯება ფაქტების. ასევე ის, რომ ნაჩქარევი იყო იქიდანაც ჩანს, რომ ფრჩხილებში არის მითითებული სახელი და გვარი. ანუ, ძირითად ტექსტშიც კი არ არის. ეს გაგრძელებაა ევროპარლამენტის ძველი რეზოლუციის, სადაც ფაქტობრივი უზუსტობები იყო დაშვებული და რის გამოც, შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებს ბოდიშის მოხდაც კი მოუწიათ. ძირითად ტექსტში ეს ნაწილი არ იყო და თუ იმ გვარებს ვნახავთ, ვისი მხრიდანაც მოხდა შესწორების დაინიცირება, ნახავთ, რომ ინიციატორებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და „ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები. შესაბამისად, ამაში ახალი და გასაკვირი არაფერი არ არის. გაუგებარია, შეფარვითი მცდელობები, რომ ზეგავლენა მოახდინონ თუნდაც სასამართლოზე, ეს ცოტათი გადაჭარბებული რეაქცია არის და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატურ პასუხს საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში ინიციატორებთან ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსნებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსნები.