საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.
მათი ინფორმაციით, კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
„ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება.
უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს.
იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ“, - აღნიშნავს აშშ-ის საელჩო.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.