ხორბალი გაიაფდა, წისქვილები ამუშავდა - ზამთრის წინ ყველა პრობლემა მოხსნილია

ხორბალი გაიაფდა, წისქვილები ამუშავდა - ზამთრის წინ ყველა პრობლემა მოხსნილია

საქართველოში ხორბლის იმპორტი სრულად აღდგა და წისქვილკომბინატებიც ამუშავდა. ამის მიზეზი რუსეთში დიდი მოსავალი, შემცირებული ფასი და საქართველოში ადგილობრივი მარცვლეულის სწორი მართვაა. ეს ყველაფერი კი იძლევა იმის გარანტიას, რომ პურპროდუქტების უზრუნველყოფის მხრივ ზამთარი უპრობლემოდ უნდა გადავიტანოთ.

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული კვოტირების მოსახსნელად მზად არის. ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში ჭარბი მოსავლიანობით არის განპირობებული. „მოსავალი საკმაოდ დიდია, ამიტომ რამე სახის შეზღუდვა რაოდენობაზე ახლა არ იქნება“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ.

საექსპორტო კვოტა გამოითვლება მარცვლეულის ბალანსზე და ნაწილდება ისტორიული პრინციპით. საექსპორტო კვოტის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ქვეყნდება. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს (რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა) კვოტამ 11 მილიონი ტონა შეადგინა, მათ შორის იყო 8 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც 206 კომპანიას შორის განაწილდა.

ფასების დასტაბილურებამ, რუსეთში ხორბლის დიდმა მოსავალმა და საბაჟო გადასახადის დაწევამ, საქართველოში წისქვილების ამოქმედების შესაძლებლობა გააჩინა. ხორბილისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, დღესდღეობით თითქმის ყველა დიდი წისქვილი მუშაობს.

„ჩვენთვის დღეს სიტუაცია შედარებით უკეთესია. გამომდინარე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასების კლების ტენდენციიდან და რუსეთის კარგი მოსავლიდან. ასევე, მცურავი ბაჟიც საკმაოდ დაწეულია, ამან ხორბალთან ერთად, ფქვილზე ფასის კლებაც გამოიწვია. შედეგად, საქართველოში წისქვილკომბინატებს ამუშავების საშუალება მიეცათ.

2 თვეა ბაზარზე გარკვეული სტაბილიზაციაა და ხორბლის მარაგი უკვე არსებობს. აგვისტოში შემოვიდა 30 000 ტონა, სექტემბერში კი, ჩემი ინფორმაციით, 60 000 ტონა, რაც ის მაჩვენებელია, რაც კრიზისამდე გვქონდა. როცა წისქვილებისთვის და ქვეყნისთვისაც სტაბილური დრო იყო, თვეში 60-70 ათასი ტონა იყო ხორბლის იმპორტი და ამ მიჯნაზე ჩვენ ფაქტობრივად, გავედით.

ახლა საქართველოში თითქმის ყველა დიდი წისქვილკომბინატი ამუშავებულია. ჩვენი კრიტერიუმებით დაახლოებით 10 წისქვილი ითვლება დიდად. სხვადასხვა სიმძლავრით, მაგრამ ყველა მუშაობს. ამან სტაბილიზაციის ეფექტი შექმნა. გაიაფდა ფქვილი. მეპურეებიც ამბობენ, რომ მათაც გააიაფეს პური“, - განაცხადა სილაგავამ „ბიპიენთან“.

საქართველოში უკვე გამოკვეთლიად სტაბილური სიტუაციაა. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ კვოტირების მოხსნით უნდა ისარგებლოს საქართველომ და მეტი ხორბალი მოიმარაგოს.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვისაც შეცვლის სიტუაციას. ამის შემდეგ კიდევ უფრო ხელისაწვდომი გახდება მარცვლეული. კვოტას იმიტომ ხსნიან, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ რუსეთს ზურგი შეაქცია, მოსავალიც კარგი მიიღეს, მსოფლიო ბაზარზე უკრაინული ხორბალი შევიდა. რუსეთშიც დიდი მოსავალია, რომელსაც უნდა დაბინავება და მაღალი დონის ლოჯისტიკა. ერთი სული აქვთ, მანქანები შევიდნენ და მარცვლეული გაყიდონ.

ამ სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ და ხორბალი მოვიმარაგოთ, რათა მერე თავის ტკივილი არ იყოს რესურსებზე. ზამთრის და თოვლიანობის პირობებში, არ არის გამორიცხული, რამე შეფერხება. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს მარაგი.

ახლა რუსები დაინტერესებული არიან, რომ მარცვეული გაყიდონ. სად წაიღებენ ამდენ ხორბალს? საუბარია ძალიან დიდ რაოდენობაზე და ხომ არ გააფუჭებენ“, - აღნიშნა დოლიძემ.

თუმცა გლობალური ბაზრებზე მაინც შეიძლება გაჩნდეს საფრთხე. საქმე ისაა, რომ ზამთრის დადგომისთანავე უკრაინიდან გაკეთებულ ე.წ. მარცვლეულის დერეფანს ვადა ეწურება. რას მოიმოქმედებს რუსეთი, არავინ იცის. მით უმეტეს, რომ თავად ძალიან დიდი მოსავალი მიიღო და რეალიზაციაში შეფერხებები აქვს.

ამიტომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და მისი გუნდი მუშაობენ „მარცვლეულის ინიციატივის“ ერთი წლით გახანგრძლივებაზე, რომელსაც ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება. გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ, ჩაბა კვერეშმა 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა „მარცვლეულის შეთანხმების“ მუშაობას.

„ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, რათა სრულად განვახორციელოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები პროდუქტების მიწოდება უკრაინის პორტებიდან“, - ციტირებს პრესსამსახური კვერეშას სიტყვებს.

ევროპის ბიზნეს ასოციაციამ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთს, გააგრძელონ „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა და ნიკოლაევის პორტის ჰაბი პორტების სიაში შეიტანონ.

„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, აგვისტოდან ამუშავდა. სწორედ ამ დერეფნის წყალობით დატოვეს გემებმა უკრაინის საზღვაო აკვატორია. უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.