ჩემთვის ცალკეული მრჩევლების კომენტარზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემი კოლეგების, უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციები. დღეს შეხვედრა მქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაც არის უკრაინის პოზიცია, პირდაპირ მათგან გავიგეთ. ამიტომ, ცალკეული მრჩევლების განცხადებები პირველი არ არის და ამაზე რეაქციაც არ არსებობს უკვე საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო გვერდში უდგას უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს.
„ეს სოლიდარობა არის გულწრფელი და გამომდინარეობს ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს, თუმცა როცა ეს ომი დასრულდება, ზოგიერთი წარმომადგენლის ასეთი განცხადებები შემდგომში იქნება განხილვის საკითხი და ვფიქრობ, რომ მათ არ ექნებათ იმის საშუალება, რომ თვალებში ჩახედონ ქართველ ხალხს ამ განცხადებების შემდეგ, როცა ფაქტობრივად იმ სოლიდარობას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება უცხადებს უკრაინას, ამ სოლიდარობაზე ასეთ პასუხს გვცემს ზოგიერთი ასეთი ადამიანი. ასეთია რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც დღე გამოშვებით ქართულ ტელევიზიაში ჩნდება.
ჩემთვის გადამწყვეტია ის პოზიცია, რასაც ჩემი კოლეგებისგან, უკრაინის რადის წარმომადგენლებისგან ვისმენ. დღეს სწორედ იმაზე გვქონდა საუბარი, თუ რამდენად ვუგებთ ერთმანეთს და რამდენად სოლიდარული ვართ ერთმანეთის მიმართ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორმხრივი სოლიდარობა. ვინაიდან, უკრაინაში არის ცხელი ომი და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის, როგორც ქვეყნის მიმართ, რომელიც ცხელ ომშია ჩართული, თუმცა საქართველოში არის ოკუპაცია და ყოველთვის არსებობს საფრთხე ამ მდგომარეობის გაუარესების. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობის მოლოდინი გვაქვს და ამ სოლიდარობას ვგრძნობთ უკრაინისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.