საქართველოში საწვავის გაიაფებას ელოდებიან, მსოფლიოში კი ვითარება საპირისპიროდ იცვლება

საქართველოში საწვავის გაიაფებას ელოდებიან, მსოფლიოში კი ვითარება საპირისპიროდ იცვლება

საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს. ჯერჯერობით რეგიონალურ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება ამის საშუალებას იძლევა. რა იქნება 1-2 თვეში ძნელი სათქმელია, რადგან გლობალურ ჭრილში სიტუაცია იცვლება. უმსხვილესი ნავთობიმპორტიორები ყველანაირად ცდილობენ ძლივს გაიაფებული ნევთობის ფასი ისევ სამნიშნა განზომილებაში დააბრუნონ.

ამ დროისათვის ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, არის საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

„გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი. რაც შეეხება ბაზრის საერთო მდგომარეობას - ჩვენი კომპანიების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს საკმაო მარაგები, არსად იქმნება დეფიციტი, ხელისშემშლელი ფაქტორები - ამიტომ, სიურპრიზებს არ ველოდებით. სანავთობო ბაზარს, ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას იობაშვილმა.

ფასების შემცირების მოლოდინშია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძეც, რომლის ინფორმაციითაც საწვავის ბაზარზე აგვისტში 40-50-თეთრიანი კლება დაფიქსირდა ყველა ტიპის საწვავზე, სექტემბერში კი - 10-40-თეთრიანი კლება.

გაიაფებას სპეციალისტები ლარის დასტაბილურების ფონზე ოქტომბერშიც ელიან, თუმცა საწვავის ღირებულების შემცირება, შესაძლოა, გლობალურმა პროცესებმა შეაფერხოს. „ოპეკი პლუსმა“ რამდენიმე დღის წინ ნავთობის მიწოდების ლიმიტი 2 მილიონი ბარელით შეამცირა, რასაც საერთაშორისო ბირჟებმა მკვეთრი გაძვირებით უპასუხეს.

საქართველო ბოლომდე არ მიჰყვება საერთაშორისო ბაზრების ტენდენციას, რადგან კარგა ხანია ქვეყანა შედარებით იაფი რესურსით მარაგდება. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საწვავის გაიაფებაში დიდი როლი რუსულ ნავთობს მიუძღვის.

„საწვავის ღირებულება შემცირებულია და ეს რამდენიმე ფაქტორის გამოა. პირველ რიგში, უკავშირდება საერთაშორისო ტენდენციას, გარდა ამისა, თვითონ საწვავის ბაზრის დივერსიფიკაციაა და მესამე - ლარის კურსს. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს საქართველოში საწვავის ფასს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შედეგი შეიძლება იყოს პოზიტიური ან პირიქით, ნეგატიური. მაგალითად, თუ კურსი გამყარდება, მაგრამ საერთაშორისო ბაზრებზე ფასი აიწვევს, ლარის გამაყრება გადაიფარება, რადგან ჩვენთან საწვავი არის მთლიანად იმპორტირებული.

რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ანუ ფასს ბაზარზე, ამას განსაზღვრავს ის, თუ რომელი ქვეყნებიდან შემოდის საწვავი. ჩვენ ნავთობპროდუქტი, ძირითადად, შემოგვაქვს რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის რუმინეთიდან და ბულგარეთიდან და ასევე, თურქეთიდან. ევროკავშირში ბრენდირებულ ნავთობზე ფასები დაახლოებით 45%-ით მეტია, ვიდრე რუსეთში. დავუშვათ, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოდიოდეს, მაშინ ფასი არსებულზე 60%-ით მეტი გვექნება. ფაქტობრივად, ფასის შემცირებაზე გავლენას ახდენს რუსული ნავთობი, რომელიც, როგორც გითხარით, 45%-ით უფრო იაფია.

უნდა ვეცადოთ, უფრო მეტად ვიყოთ დივერსიფიცირებული, რადგან საწვავის გაძვირება უარყოფით გავლენას ახდენს ყველა მიმართულებით. პირველ რიგში, კი პირდაპირ იმოქმედებს სამომხმარებლო ფასებზე და ეკონომიკაზე“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

petrekupry არ უკავშირდება საერთაშორისო ტენდენციას. უკავშირდება იმას, რომ საქართველოში საწვავზე არის მონოპოლიური, ხშირად, სპეკულაციური ფასები, რომელზეც არ რეაგირებს მოთხოვნა, ანუ საწვავის ფასი როდესაც იზრდება, მოთხოვნა არ მცირდება, ამით სარგებლობენ რეალიზატორები და ფასს ისევ ზრდიან. ბოლოდროინდელი შემცირება დაკავშირებულია იმასთან, რომ ღარიბაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე და დაავალა შესაბამის სამსახურს ამ საკითხზე რეაგირება. შეშინდნენ რეალიზატორები და მცირედით შეამცირეს ფასი... ესაა სულ ....
2 წლის უკან