საქართველოს გააჩნია არა ოლიგარქიზაციის, არამედ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ხვიჩიას აზრით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ასეთი პრობლემა ქვეყანას არ აქვს.
„პრობლემა სწორად უნდა დავაიდენტიფიციროთ. ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ უნდა ვებრძოლოთ. ეს არის კარგად გასააზრებელი. კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ.
ბიძინა ივანიშვილი მდიდარი ადამიანია. მე მდიდარ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს იმის გამო, რომ მდიდრები არიან. ნებისმიერ ადამიანთან პრობლემა მაქვს მაშინ, როცა მას ერთპიროვნული ძალაუფლების შესაძლებლობა აქვს და თუ ქვეყანა ისეთი იერარქიით იმართება, სადაც ერთ კაცს ყველაფრის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ეს ერთი კაცი მილიონერია თუ არამილიონერი. პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.