მიხეილ სარჯველაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: არ მიმაჩნია, რომ ეს არის გენერალური პროკურორის არჩევის საუკეთესო მოდელი

მიხეილ სარჯველაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: არ მიმაჩნია, რომ ეს არის გენერალური პროკურორის არჩევის საუკეთესო მოდელი

ოპოზიცია ცდილობდა პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, მაგრამ რეალურად როდესაც შეიძლება ყოველ წელს ახლად ასარჩევი პროკურორი მიიღონ, ეს ყოველგვარი დამოუკიდებლობის პერსპექტივას საერთოდ გააბათილებს და ამას დატოვებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებად. ამიტომ ეს არ არის კარგი გამოსავალი, მათ შორის ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შემდეგ განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ არის, მას ეს გენერალური პროკურორის არჩევის საუკეთესო მოდელად არ მიაჩნია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს არის გენერალური პროკურორის არჩევის საუკეთესო მოდელი. ეს იცის საზოგადოებამ. ინიცირების მოტივი იყო ის, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს თემა აქტიურად იყო გაშუქებული, მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით წამოყენებული და შემდგომ ეს ვიხილეთ ევროპულ რეკომენდაციებში. ეს არ არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა პროკურორების არჩევის, ესეც ალბათ, მხედველობაში მისაღები ფაქტორია. გამიჭირდება წინასწარ პროგნოზირება იმისა, დისკუსიები რა შედეგს მოიტანს და ამასთან, ყველა დანარჩენ საკითხთან მიმართებაში კორელაცია როგორი იქნება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამიტომ ძნელად პროგნოზირებადია. ალბათ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინტერესით დაკვირვება პროცესზე. ფაქტი ის არის, რომ რეკომენდაციით ეს არის გათვალისწინებული, თუმცა, მე არ ვიცი ვინმესთვის თუ არის მისაღები, მათ შორის ოპოზიციაში. ის იყო ოპოზიციის იდეა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ოპოზიციისთვის მაინცდამაინც კარგი ვარიანტი იყოს. ოპოზიცია ცდილობდა პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, მაგრამ რეალურად როდესაც შეიძლება ყოველ წელს ახლად ასარჩევი პროკურორი მიიღონ, ეს ყოველგვარი დამოუკიდებლობის პერსპექტივას საერთოდ გააბათილებს და ამას დატოვებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებად. ამიტომ ეს არ არის კარგი გამოსავალი, მათ შორის ოპოზიციისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეორე და მესამე კენჭისყრა შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა ტარდება და კენჭი ერთსა და იმავე კანდიდატს ეყრება.

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.