„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „აიაქსთან“ გამარჯვების (6:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერია და ოცნება აუხდა.
„ვფიქრობ, ოცნებები ხდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვება იყო. დი ლორენცო? ის შესანიშნავი ადამიანი, კაპიტანი და ფეხბურთელია, ჯილდო დამსახურებულად მიიღო (მატჩის საუკეთესო მოთამაშის - რედ), იმიტომ, რომ „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
„აიაქსმა“ კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. წინ უნდა იარონ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა კვარამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას შედეგი ასეთია: 3 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.