ძაკარდო:

ძაკარდო: "შევცდი, არასწორი პროგნოზი გავაკეთე, ხვიჩა 50 მილიონი უკვე ღირს"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა და შუამავალიც იყო, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა უკვე 50 მილიონი ევრო ღირს.

„მე შევცდი: ვიწინასწარმეტყველე, რომ კვარაცხელია ორ წელიწადში 50 მილიონი ეღირებოდა, მაგრამ ამისთვის ერთი წელიც საკმარისი აღმოჩნდა. ჯუნტოლიმ და მიკელიმ თანამშრომლობისას ინტუიცია და გამბედაობა გამოავლინეს, მათ ამ ტრანსფერში მხარს „ნაპოლის“ ვიცე-პრეზიდენტი ედოარდო დე ლაურენტისი უჭერდა. „ნაპოლიმ“ დროულად იმოქმედა, რადგან არსებობდა რისკი, ხვიჩა პრემიერლიგაშიც აღმოჩენილიყო.

სხვა კლუბების ინტერესი? მე მხოლოდ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მგონია, რომ მაგალითად, „მილანმა“ და „იუვენტუსმა“ ჩათვალეს, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ, რადგან ლეაო და კიეზა ჰყავთ.

მე თბილისშიც ვიყავი, გავიცანი ხვიჩას მშობლები, წესიერი ადამიანები. მამამისიც თავდამსხმელი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ხვიჩას სწავლის და გაუმჯობესების დიდი სურვილი გააჩნია, მას მომავალი წინ აქვს და უბრალოება პროგრესში დაეხმარება“, - თქვა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, კრისტიან ძაკარდო 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.