არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს აფხაზეთთან მიმართებაში და არა ის, რომ ემოციური ფონი შევქმნათ

არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს აფხაზეთთან მიმართებაში და არა ის, რომ ემოციური ფონი შევქმნათ

ყველა, ვინც საღი აზრი უყურებს პროცესს, ეთანხმება იმ ნაბიჯებს, რაც გადადგა ხელისუფლებამ და ვისაც მართლა უყვარს ქვეყანა და აინტერესებს საქართველოს ბედი, ყველა ხვდება, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც რეგიონში რისკები ძალიან გაზრდილია, საქართველოს ხელისუფლებას მართებს გონივრული პოლიტიკა გაატაროს და იხელმძღვანელოს არა ემოციებით, არამედ ქვეყნის ინტერესებით და როდესაც ნაბიჯებს დგამს, შემდეგი მინიმუმ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდეს გათვლილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში „ვიზიტზე“ საქართველოს მთავრობას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივ ჭრილში.

„მთავარი არის შედეგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს აფხაზეთთან მიმართებაში და არა ის, რომ ემოციური ფონი შევქმნათ. აფხაზეთში მისმა ჩასვლამ საპირისპირო დაადასტურა, რასაც ამბობს ოპოზიცია. ისინი თვეების განმავლობაში გვაბრალებდნენ, რომ ჩვენ პრორუსულ პოლიტიკას ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას და ჩვენი პარტნიორები არიან პროდასავლური კოალიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.