ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა საპროტესტო აქციებსა და ირანელ ქალებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ირანში პროტესტი არ ცხრება მაჰსა ამინისა და ჰადის ნაჯაფის მკვლელობის შემდეგ, პირიქით - ის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და ირანის ნაკრების მოთამაშეებმაც ქალებს მხარდაჭერა დაუფიქსირეს.
ავსტრიაში ირანელები ამხანაგურ შეხვედრაში სენეგალს დაუპირისპირდნენ და ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ფეხბურთელებს მაისურის დასაფარად შავი პიჯაკები ეცვათ. ეს მკაფიო გზავნილი იყო ირანელი ქალბატონების მხარდასაჭერად.
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სერდარ აზმუნია, რომელმაც ღია კომენტარიც გააკეთა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქალებს გვერდით დაუდგა: „აღარ შემიძლია გაჩუმება. ირანის ნაკრებიდან მომკვეთენ? დაე, ეს გააკეთონ, თუ ეს თუნდაც ერთი ირანელი ქალის თმის ღერს გადაარჩენს“, - წერდა აზმუნი.
აზმუნმა სენეგალის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა, მაგრამ არ აღუნიშნავს, ამინისა და ნაჯაფის ხსოვნის პატივსაცემად. აქვე ვთქვათ, რომ საჯარო პოზიციით ირანელ ქალებს მხარდაჭერა ირანული ფეხბურთის ლეგენდებმა, ალი კარიმმა და ალი დაეიმაც გამოუცხადეს.