„კეზერაშვილის მოქმედები არალოგიკურიც არის -ურთიერთობას ისეთ ფიგურებთან იწყებს, რომელთა გამარჯვების შანსი მინიმალურია“

„კეზერაშვილის მოქმედები არალოგიკურიც არის -ურთიერთობას ისეთ ფიგურებთან იწყებს, რომელთა გამარჯვების შანსი მინიმალურია“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელია-კეზერაშვილის გუნდები ყალიბდება. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენია, რამაც გუნდში დაპირისპირება ღია გახადა და ამას საჯაროდაც აღარ მალავენ.

როგორ განვითარდება მოვლენები ოპოზიციურ ფლანგზე, ვინ ვისკენ გადაიხრება და რატომ ცდილობს კეზერაშვილი პოლიტიკური ფესვების გაღრმავებას, ამაზე for.ge-თან პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არეულობა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ფიქრობთ, რომ პარტიაში არსებულ განხეთქილებას ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება მოყვება?

- ნიკა მელიასი და პარტიის გზების გაყოფას უფრო ადრე ველოდი. მას პარტიაში მომხრეები უდავოდ ჰყავს, რამაც თავის დროზე მისი არჩევა განაპირობა. მელიას მომხრეები არ დაეკარგება და შეიძლება ამ ადამიანებთან ერთად ცალკე პოლიტიკური პარტია შექმნას. უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის გარეშე იბრძოლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძრაობასაც“ ეს რეიტინგი არა მელიასგან, არამედ სააკაშვილისგან აქვს.

თქვენ ახსენეთ, რომ მელიას რეიტინგი სააკაშვილისგან ჰქონდა. ამ შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტი ვისკენ გადაიხრება, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღიად საუბრობენ, რომ მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებდა?

- როგორც მახსოვს, მელიას თავმჯდომარედ არჩევის დროსაც, სააკაშვილი მის მხარეს არ იყო. მას სხვა კანდიდატურა ჰყავდა. მელია მომხრეებმა გაიყვანეს. პრინციპში, პარტიის თავმჯდომარის მიმართ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან რა პრეტენზიებიც ისმის, რომ მან პრეზიდენტის გათავისუფლება არ სცადა, ამაზე სააკაშვილს კრიტიკული დამოკიდებულება ექნება. გვახსოვს, აღნიშნული უკმაყოფილება სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას პირითაც გაჟღერდა.

შეიძლება ითქვას, რომ თემურ ალასანია კეზერაშვილთან ერთად მელიას კლანს დაუპირისპირდება?

- ალასანია მელიასთან დაპირისპირებული, ალბათ, იქნება, რადგან მისგან რადიკალურ მოქმედებებს მოითხოვდა. თუკი ალასანია-კეზერაშვილის ალიანსი შეიქმნება, ალასანიას უკან სააკაშვილის ფიგურა უნდა ვიგულისხმოთ.

ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობის“ ასეთი დაპირისპირება საჯაროდ გამოვიდოდა, იქამდე სააკაშვილის შვილმა განაცხადა, რომ მამამისი პოლიტიკიდან მიდის. უკავშირდება ექს-პრეზიდენტის ეს განცხადება იმ დაპირისპირებას და წყლის ამღვრევას, რომელიც დღეს პარტიაში არის?

- ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა. სააკაშვილის ვაჟს აშკარად ნეიტრალური პოზიცია უკავია. ის ცდილობს პოლიტიკაში არ შევიდეს და პოლიტიკური თამაში არ დაიწყოს. როგორც ჩანს, პოლიტიკა მისთვის მიმზიდველი სფერო არ არის.

ელენე ხოშტარია აღარ მალავს, რომ კეზერაშვილისგან ფინანსდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის გვერდით იქნება „სტრატეგია აღმაშენებელიც“, რამდენად გაუმარლებენ ეს ადამიანები კეზერაშვილს იმედებს?

- ფაქტია, კეზერაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული აიცრუა. ამ დროს ის ოპოზიციურ განწყობებს ინარჩუნებს. სავარაუდოა, დაიწყოს იმათთან დაკავშირება, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის, მაგრამ ოპოზიციაშია. ამ მიმართულებით მისი მხრიდან ეს ნაბიჯები ლოგიკურია. ამავდროულად, კეზერაშვილის მოქმედები ცოტა არალოგიკურიც არის, რადგან ოპოზიციაში გამარჯვების ყველაზე მეტი შესაძლებლობა „ნაცმოძრაობას“ აქვს და ამ დროს იწყებს ისეთ ფიგურებთან ურთიერთობას, რომელთა გამარჯვების შანსი მინიმალურია.

კეზერაშვილი საქართველოში ამ ეტაპზე ვერ დაბრუნდება, რადგან მასზე ძებნაა გამოცხადებული. რატომ ცდილობს ის აქ ფესვების გაღრმავებას და რაში სჭირდება ამ პოლიტკური ოპოზციის ფრთის დაფინანსება?

- ზუსტად ეს არ მესმის. ისეთ ჯგუფებს საკმაოდ გულუხვად აფინანსებს, რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომ ვერც მას გამოადგებიან. თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მაშინ მისთვის ხელსაყრელი იქნება, მაგრამ ამ ჯგუფებში გამარჯვების შესაძლებლობა არ ჩანს. ამიტომ, რატომ იხარჯება კეზერაშვილი, გაუგებარია. ისე, ეჭვი მეპარება, რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოლახვა უნდოდეს. შეიძლება უნდოდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია. კრიტიკული მომენტი არჩევნები იქნება. არჩევნებამდე კი დიდი დროა, თუმცა ფაქტია, დიდი ხნით ადრე ეს რყევები საჭიროა.

ის, რომ კეზერაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობის“ დაფინანსება შეწყვიტა, მელია ამან გააღიზიანა, რის გამოც ის ოლიგარქად მოიხსენია?

- არა მგონია, მარტო ამიტომ, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ფინანსები შეწყვეტილი აქვს, გაცილიებით სუსტად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც კეზერაშვილი ეხმარებოდა. დღეს, დეოლიგარქიზაციის საკითხი აქტუალურია და ამ დროს მელიამ ოლიგარქად მარტო ბიძინა კი არ დაასახელა, არამედ ივარაუდა, რომ შეიძლება კეზერაშვილიც ამ სიაში აღმოჩნდეს. ამით მელია კეზერაშვილს ემუქრება, რომ მას ოლიგარქის იარლიყს მიაკრავენ. ამ პირობებში, როდესაც დასავლეთი საქართველოში ოლიგარქებს ეძებს, მელიას ეს განცხადება მუქარასავით ჟღერს.

ვის გაიყოლებს მელია?

- მელია აქცენტებს მის მიყვანილ ახალ სახეებზე გააკეთებს.

 

მიშა მელიაზე, როგორც პოლიტიკურ ლიდერზე, ფსონს (ფინანსებს) არავინ დადებს. მის მიერ პარტიის შექმნა, ყინულზეა დაწერილი. იმიტომ არ მიდის არსად და იბრძვის პარტიის შიგნით.
1 წლის უკან
ზურაბი თუ შეიძლება მოპარული ფულით ტელევიზიის გახსნა ე.ი. შესაძლებელია კანონიერი ქურდების მიერაც ტელევიზიების გახნსნა და პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაც.
1 წლის უკან