მეცნიერებმა, რომლებიც არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიურ კვალს პროექტ Breakthrough Listen-ის ფარგლებში ეძებენ, მონაცემების გადამუშავების ახალ მეთოდს მიაგნეს. ეს უკანასკნელი რადიოტელესკოპთა მიერ შეგროვებული ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში დაგვეხმარება.
საქმე იმაშია, რომ ახალი მიდგომის საშუალებით, სპეციალისტები კოსმოსის უფრო ფართო და ღრმა არეალს გააანალიზებენ, რაც შორეული პლანეტებიდან მომავალი სიგნალების (მკვლევართა თქმით, "მძლავრი გადამცემების") დაფიქსირების შანსს გაზრდის.
"ჩვენ გავიაზრეთ, რომ რადიოტელესკოპების გამოყენებით განხორციელებული დაკვირვებებით არა მხოლოდ სამიზნე ცენტრალური ვარსკვლავის, არამედ მთვარის ზომის ცის მონაკვეთის შესწავლის საშუალებაც გვეძლევა", — აცხადებს მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი, მაიკლ გერეტი.
"ამ არეალში მოხვედრილ სხვა ობიექტებს შორისაა წინა და უკანა პლანზე განლაგებული ვარსკვლავები ჩვენს ირმის ნახტომის გალაქტიკაში. აქამდე არ ვიცოდით, ამით როგორ გვესარგებლა, რადგან მსგავს მნათობებამდე არსებული დისტანცია უცნობი იყო", — ამბობს ის.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი გაიას ტელესკოპის მეშვეობით, გერეტმა მის კოლეგასთან, Breakthrough Listen-ის მთავარ მკვლევართან, ენდრიუ სემიონთან ერთად, უფრო ზუსტი მონაცემების მოპოვება შეძლო. ამის შემდეგ, მათ პროექტის ბაზაში 140 000-ზე მეტი ობიექტი გამოავლინეს, რომელიც ადრეულ დაკვირვებებში შეუმჩნეველი დარჩა. მაგალითად, გალაქტიკების ბირთვი, რადიოგალაქტიკები და გრავიტაციული ლინზირების "უნარის" მქონე გალაქტიკები.
"გამოდის, რომ რისკენაც არ უნდა მიმართო ტელესკოპი, ხედვის არეალში რამდენიმე საინტერესო კოსმოსური ობიექტიც მოხვდება", — განაცხადა გერეტმა.