სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ზუსტად ასეა რემკო პასვეერის ამბავი, რომელსაც ნიდერლანდების ნაკრებში დებიუტი 38 წლის ასაკში ჰქონდა.
ამსტერდამის „აიაქსის“ ვეტერანმა კიპერმა, რომელმაც სხვათა შორის, ნიდერლანდური გრანდის ძირითად შემადგენლობაშიც გასულ სეზონში თავი ყველასთვის მოულოდნელად დაიმკვიდრა, იმდენი მოახერხა, რომ თავი ლუის ვან გაალსაც მოაწონა და ახლა სულაც არაა გამორიცხული მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების კარის დაცვა დაევალოს.
პასვეერის სანაკრებო დებიუტი 4 დღის წინ პოლონეთთან შედგა, ხოლო გუშინ ბელგიის წინააღმდეგაც ითამაშა. ორივე შეხვედრაში მან კარის მშრალად შენახვა შეძლო და ვან გაალის ნდობა გაამართა.
რემკო პასვეერს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, პსვ ეინდჰოვენშიც, ნიდერლანდების ჩემპიონი კი სამჯერ გახდა. ეროვნულ ნაკრებში მას შანსი აქამდე არასდროს მისცემია, მაგრამ როგორც ვთქვით, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...