მანჩინი:

მანჩინი: "ფეხბურთი უცნაურია, ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება, ჩვენ - არა"

ერთა ლიგის A დივიზიონში გადახალისებული შემადგენლობით იტალიამ ინგლისი დაამარცხა (1:0) და მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთი უცნაური სპორტია - მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისმა გუნდმა, რომელიც თან ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იყო, ამ შედეგით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის ვიქნებით, გარდა ამისა, ერთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს. დავამარცხეთ ინგლისი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია.

3-5-2 სქემა? ყოველთვის ვამბობდი, რომ სისტემას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შემართება, მიდგომა, თამაშის მართვა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ობიექტური სირთულეები, რადგან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში.

შეგვიძლია ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ, მაგრამ ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და მთავარი ესაა. ინგლისთან ევროპის ჩემპიონატის ფინალში პენალტებით მოვიგეთ, ვფიქრობ დამსახურებულადაც, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ იმიტომ ვერ გავედით, რომ შვეიცარიასთან ორივე თამაშში პენალტები ვერ გავიტანეთ, არადა, ორივე შეხვედრაში უდიდესი უპირატესობას ვფლობდით, განსაკუთრებით, ბაზელში. ფეხბურთი უცნაურია“, - თქვა მანჩინიმ.

იტალიის ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთთან მოგება სჭირდება, ფრე კი მასპინძლებს აძლევთ ხელს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი თამაში სწორედ იტალიასთან წააგო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრებს იტალია ოფიციალურ მატჩში 45 წელია არ დაუმარცხებია.