თურქეთმა ლუქსემბურგს ვერ მოუგო, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

თურქეთმა ლუქსემბურგს ვერ მოუგო, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა ქულები დაკარგა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ამბავია.

საქმე ისაა, რომ ოთხივე ჯგუფის პირველადგილოსნები პლეი-ოფში გავლენ, საუკეთესო ორი შედეგის მქონე გუნდი კი ნახევარფინალურ მატჩს შინ ჩაატარებს.

თურქეთმა შინ ლუქსემბურგს ვერ მოუგო - 3:3. არადა, სამჯერ აგებდა, მათ შორის, 87-ე წუთამდე, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა. თურქებს რომ წაეგოთ, საქართველოს ნაკრებისთვის მართლაც იდეალური იქნებოდა, რადგან ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს თუ მოუგებდა, აუცილებლად თურქეთზე უკეთესი შედეგით დაასრულებდა ჯგუფურ ტურნირის. ახლა საქმე ასე არაა.

თურქეთს 5 ტურში 13 ქულა აქვს (ბურთების ბალანსი 17:3) და ბოლო ტურში სტუმრად ფარერებს შეხვდება. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების აქტივში 10 ქულაა და ორი მატჩი აქვს დარჩენილი, პოტენციურად შესაძლებელია, რომ საქართველომ და თურქეთმა ასპარეზობა 16-16 ქულით დაასრულონ, მერე ბურთების ბალანსი დაითვლება.

არ უნდა დაგვავიწყდეს მესამე ჯგუფის ლიდერი ყაზახეთი, რომელსაც 5 ტურში ასევე 13 ქულა აქვს, თუმცა ბურთების ბალანსი შედარებით მოკრძალებულია (8:3). ყაზახები ბოლო ტურში აზერბაიჯანს ესტუმრებიან.

ვთქვათ ისიც, რომ C დივიზიონის პლეი-ოფში უკვე გავიდნენ თურქეთიც, ყაზახეთიც და აგრეთვე საბერძნეთი, რომელსაც ოთხ ტურში 12 ქულა აქვს. ჯერჯერობით პირველი ადგილის ბედი მხოლოდ საქართველოს ჯგუფში არაა გარკვეული და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვილი სანიოლის გუნდს პირველობისთვის ქულაც ეყოფა, მაგრამ გამარჯვება მაინც საჭიროა, რადგან როგორც ვთქვით, სხვა ჯგუფის გამარჯვებულებთან ქულათა შეფარდება პლეი-ოფისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.