შუაღამის შემდეგ ფხიზლად ყოფნა თქვენი ტვინისთვის შეიძლება საზიანო იყოს

შუაღამის შემდეგ ფხიზლად ყოფნა თქვენი ტვინისთვის შეიძლება საზიანო იყოს

მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციამ ადამიანი დღისით აქტივობას მიაჩვია, ხოლო ღამით — ძილს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ როდესაც ჩვენ უარვყოფთ ამ ბიოლოგიურ მოცემულობას და ვიღვიძებთ შუაღამის შემდეგ, ჩვენი ტვინი დაქვეითებულ მდგომარეობაში ფუნქციონირებს. ჰიპოთეზას — "Mind After Midnight" (გონება შუაღამის შემდეგ) — ნაწილობრივ შეუძლია ახსნას კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ე.წ. "ღამის ბუები" განიცდიან დეპრესიის უფრო მაღალ მაჩვენებლებს, იკვებებიან უარესად და კვდებიან უფრო ადრე.

სუიციდის რისკი სამჯერ მეტია შუაღამიდან დილის ექვს საათამდე, ვიდრე დღის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში. ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან ნარკოტიკების მოხმარებისკენ ღამით და აქვთ ოპიოიდების გადაჭარბების ხუთჯერ მაღალი რისკი. ადამიანები შუაღამის შემდეგ ასევე აკეთებენ არჩევანს არაჯანსაღი საკვების სასარგებლოდ და წევენ მეტ რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები ან ფინანსური ზარალი.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს ყველა ზემოხსენებულს, მაგრამ როგორც მეცნიერთა ჯგუფმა ახლახან აღნიშნა ჟურნალ Frontiers in Network Physiology-ში, ამ პროცესში, შეიძლება, სხვა მიზეზებიც მონაწილეობდეს.

"დღის განმავლობაში მოლეკულური დონეები [და] ნეირონული აქტივობები მორგებულია ჩვენს ჩვეულ ქცევებს, რომლებიც მოიცავს ლოკომოტორულ აქტივობას, კვებასა [და] ცნობიერ ურთიერთქმედებას ჩვენს გარემოსთან", — განმარტეს მკვლევრებმა, — "ღამის განმავლობაში ეს პარამეტრები მორგებულია ძილის ჩვეულ ქცევაზე. ასე რომ, თუ ამ დროს ვიღვიძებთ, ნეიროფიზიოლოგია მიდრეკილია ქცევითი დისრეგულაციის წახალისებისკენ."

მკვლევრებმა ამ იდეას უწოდეს ჰიპოთეზა — "გონება შუაღამის შემდეგ". მათ მიერ აღწერილი "დისრეგულაცია" შეიძლება გამოიხატოს გაზრდილი ემოციური ნეგატივითა და over-thinking-ით, რაც იწვევს ჭარბ კვებასა და რისკის გაწევის რაოდენობის, შფოთვის, დეპრესიისა და უიმედობის დონის ზრდას.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ როდესაც ტვინი იღვიძებს შუაღამის შემდეგ, ნორმალური ცირკადული რიტმებისგან განსხვავებით, ის ფუნქციონირებს დაქვეითებულ მდგომარეობაში. ცირკადული რიტმები არის ფიზიკური, გონებრივი და ქცევითი ცვლილებები, რომლებიც მოჰყვება 24-საათიან ციკლს, ძირითადად, სინათლისა და სიბნელის საპასუხოდ.

ავტორებმა დეტალურად აღწერეს სცენარი, სადაც "შუაღამის გონებამ" შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

"ჰეროინის თავშეკავებულმა მომხმარებელმა, რომელიც დღის განმავლობაში წარმატებით უმკლავდება სურვილს, ღამის განმავლობაში შეიძლება განიცადოს უფრო დიდი ლტოლვა და შემცირებული წინააღმდეგობა. ჰეროინის მოხმარების მიმზიდველობა ხდება უფრო სასურველი და სასიამოვნო, ვიდრე პოტენციური ხარჯები და ერთი იმპულსური გადაწყვეტილება იწვევს ხელახლა დაავადებას."

მაგრამ არ შეიძლება, რომ გვიან ღამით ტვინის აქტივობის გაუარესება უბრალოდ ძილის ნაკლებობას მივაწეროთ? თუკი მართლაც ასეა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღამის ბუები — ადამიანები, რომლებიც ღამით გვიან იძინებენ და დილით გვიან იღვიძებენ — ისეთივე ჯანმრთელები იქნებიან, როგორც დილის მოყვარულები, რომლებიც ადრე დგებიან და იძინებენ, დღისა და ღამის ციკლის შესაბამისად. თუმცა, კვლევა ვარაუდობს, რომ ღამის ბუები განიცდიან დეპრესიის უფრო მაღალ მაჩვენებელს, უფრო ხშირად იყენებენ თამბაქოსა და ალკოჰოლს, აკეთებენ არასწორ არჩევანს საკვებზე და კვდებიან უფრო ადრე. ყველა ეს აღმოჩენა შეესაბამება ჰიპოთეზას გონება შუაღამის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, მათი ჰიპოთეზის უკეთ შესამოწმებლად, ავტორები რეკომენდაციას უწევენ კვლევის ჩატარებას ღამით ტვინის ფუნქციებსა და ქცევაზე იმ სუბიექტებზე, რომლებიც არ განიცდიან ძილის ნაკლებობას.