გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი მონარქი, დედოფალი ელიზაბეთ II, რომელიც ქვეყანას 70 წლის განმავლობაში წინამძღოლობდა, 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას მსოფლიოში უამრავი ადამიანი გამოეთხოვა, პოლიტიკოსებიდან პოპვარსკვლავებამდე.
დედოფლის 96-წლიანი ცხოვრება ბევრ საინტერესო ამბავსა და გამორჩეულ მომენტს მოიცავდა. ზოგიერთი ისტორია ბევრისთვის დღემდე უცნობია. მაგალითად, ის თუ იცოდით, რომ ელიზაბეთ II-ს აქტიური მიმოწერა ჰქონდა ამერიკელ ქალთან, რომელიც ზუსტად მისი ტოლი იყო — 1926 წლის 21 აპრილს დაბადებული.
როგორც ცნობილია, ბრიტანელი მონარქი და ჩრდილოეთ დაკოტაში მცხოვრები ადელ ჰენკი "კალმის მეგობრებად" თითქმის 70 წლის წინ იქცნენ, თუმცა, ერთმანეთს პირისპირ არასდროს შეხვედრილან.
ჰენკიმ დედოფალს პირველი ხელნაწერი წერილი მისი ტახტზე ასვლის შემდეგ, 1953 წელს გაუგზავნა. მას შემდეგ, დედოფალი ქალს ყოველწლიურად სწერდა დაბადების დღეზე და ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა. წლების განმავლობაში ისინი ისე დამეგობრდნენ, რომ ერთმანეთს სადაბადებისდღეო სურვილებსაც უზიარებდნენ.
"ქუდი ვთხოვე და მეგონა, გამომიგზავნიდა ერთ ცალს", — იხსენებს ადელი, — "მაგრამ დაბადების დღეზე თავისი მშვენიერი სურათი მისახსოვრა".
ჰენკი ამატებს, რომ ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან, მაგრამ საერთო ინტერესები ჰქონდათ — მაგალითად, კულინარია — და ამაზე წერილებში ხშირად აღნიშნავდნენ კიდეც.
"დედოფალს ჯემიანი რეცეპტები მოსწონდა", — აცხადებს ადელი, რომელსაც კულინარიული წიგნიც აქვს გამოცემული, — "ისევე, როგორც მე".
ქალი ახლა იმის გამო წუხს, რომ თავის ძველ მეგობართან მიმოწერას ვეღარ გააგრძელებს.
"ძალიან მომენატრება", — ამბობს იგი, — "კალმის მეგობრების დაკარგვას ხომ განიცდი".
ჰენკი აპირებს, 100 წლის რომ გახდება, ნანატრი ქუდიც მოირგოს.