პაატა მანჯგალაძე: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გიორგი ვაშაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

პაატა მანჯგალაძე: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გიორგი ვაშაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჯერ მისთვის უცნობია, როდის გახდება საჯარო ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც პარალელური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მოამზადეს.

როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და განსხვავებული პოზიცია მხოლოდ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით არსებობს.

„იმისთვის, რომ ეს გეგმა არ იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და იყოს საერთო ეროვნული ნაწილი „ქართული ოცნების“ გამოკლებით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მისი დეტალები ზუსტდება. როდის გახდება საჯარო, არ ვიცი. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. განსხვავებული პოზიცია არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებაა, რომ ამ ტიპის კანონის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან აღსრულების მექანიზმი მაინც არ იმუშავებს და შესაძლებელია, ხელისუფლების მხიდან გამოყენებული იყოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. არსებიბს მოსაზრება, რომ კანონი მაინც უნდა არსებობდეს და მის აღსრულებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამ მოსაზრებებს შორის მოხდება პოზიციების შეჯერება და პასუხს გაიგებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, დაარეგისტრირებს თუ არა ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს.

„საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მე ასე ვიცი. გიორგი ვაშაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღსრულების მექანიზმის გარეშე რთულია დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ნუ შევქმნით ჭიქაში ქარიშხალს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსნებეთ, რამდენიმე დღის წინ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ არ დარეგისტრირდება: „გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ჩვენი მხრიდან პარლამენტში არ დარეგისტრირდება“.